დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისმოდა არაერთი ცრუ ბრალდება ანგაჟირებული ადამიანებიდან, რომ თითქოს საქართველოში ტურიზმი გაჩერდა - მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის პოზიტიურ ტენდენციებს აფასებს

ისმოდა არაერთი ცრუ ბრალდება ანგაჟირებული ადამიანებიდან, რომ თითქოს საქართველოში ტურიზმი გაჩერდა - მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის პოზიტიურ ტენდენციებს აფასებს

12-07-2024 14:04:00


შეფასებები, რაზეც ჩვენ მაისში ვსაუბრობდით გამართლდა, შეუსაბამო იყო ის მონაცემები რაზეც პოლიტიკოსები საუბრობდნენ, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაძლო ნეგატიურ სტატისტიკაზე. 

როგორც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ამ პერიოდში ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გაჩერდა, არამედ განსაკუთრებული ზრდა დააფიქსირა და ამ მხრივ მეორე კვარტალი იყო განსაკუთრებით წარმატებული.

„გამოვაქვეყნეთ ტურიზმის ინდუსტრიის მეორე კვარტლის სტატისტიკა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ობიექტური ანალიტიკისთვის (მარიამ ქვრივიშვილი გიორგი აბაშიშვილს). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია ყოველთვის იდგეს ობიექტურობის მხარეს, შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და მცირე და საშუალო მეწარმეები. გახსოვთ, რომ მაისში მოგვიწია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობამ, რადგან ისმოდა არაერთი ცრუ ბრალდება, სპეკულაცია ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან, რომ თითქოს გლობალურად საქართველოში გაჩერდა ტურიზმის ინდუსტრია. ჩვენ ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად გაგვეცა პასუხები, იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ განცხადებაზე ძალიან მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო ინდუსტრია, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა ინდუსტრია. წარმოიდგინეთ ნებიერი განცხადება, ეს იქნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თუ თუნდაც ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ „საქართველოში აღარ ჩამოდიან და აღარ ჩამოვლენ ევროპელი ტურისტები“. „ევროპელი ტურისტები მასობრივად აუქმებენ საქართველოში დაგეგმილ ტურებს“. ეს რა მესიჯს აგზავნის საერთაშორისო არეალზე? ჩვენ ხომ გვესმის, რომ მედია დაინტერესებულია საქართველოთი, საბედნიეროდ, მაგრამ მეორეს მხრივ იწერება სტატიები, ადამიანები კითხულობენ ასეთ ინფორმაციას. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვთხოვდით, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკითხს, იმიტომ რომ ფრენების სტატისტიკა მაისში ანახებს, აი ახლა, ამჟამად, რომ მგზავრთნაკადი 8%-ითაა გაზრდილი, 25%-ით გაზრდილია დატვირთულობის კოეფიციენტი, გაზრდილია სიხშირეები, მათ შორის ევროპიდან და არც ერთი პარამეტრი არ მეტყველებს იმაზე, რომ მასში ჩვენი ქვეყნის ინდუსტრია გაჩერებული იყო. 

ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან, ეს იქნებოდა თბილისში მდებარე სასტუმროები, კახეთში თუ აჭარის. ტურიზმის ინდუსტრია არ არის მხოლოდ დედაქალაქის კონკრეტული ქუჩა, ეს არის მთელი ქვეყანა: სოფლები, დაბები, ქალაქები. როდესაც ჩვენ ვაფასებთ ტურიზმის ინდუსტრიას რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ერთის მხრივ ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე არ შევაფასოთ გლობალურად ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, ამით დამატებითი წნეხი არ შევუქმნათ მცირე და საშუალო მეწარმეებს, იმიტომ რომ ისინი ისმენენ ამ ყველაფერს და ამის მიხედვით ექმნებათ მოლოდინები. და მეორეს მხრივ არ გავუშვათ არასწორი ინფორმაცია საერთაშორისო არეალზე, იმიტომ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო არეალზე  ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებაზე მხოლოდ სახელმწიფო კი არ ზრუნავდეს, არამედ თითოეული ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არის საქართველოს მოქალაქეა და გული შესტკივა ჩვენს ინტერესებზე. იმიტომ, რომ ტურიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიტიური მოლოდინები - პოზიტიური მოლოდინები, სწორი კომუნიკაცია, სწორი პოზიციონირება - ახლა რა მოხდა მას შემდეგ რაც მეორე კვარტლის შედეგები დაიდო. ჩვენი შეფასებები, რაზეც ჩვენ მაისში ვსაუბრობდით გამართლდა, შეუსაბამო იყო ის მონაცემები რაზეც პოლიტიკოსები საუბრობდნენ. მოხდა ის, რომ იყვნენ ადამიანები რომლებიც იუწყებოდნენ, რომ „ტურიზმის ინდუსტრია გაჩერდა“, „აღარ ჩამოდიან ქვეყანაში ევროპელი ტურისტები“, და დღეს რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გაჩერდა, არამედ გვაქვს განსაკუთრებული ზრდა და ვიტყოდი, რომ მეორე კვარტალი იყო განსაკუთრებით წარმატებული. ამისთვის მადლობა კერძო სექტორს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, რომ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინოს, მეტი ტურისტი ჩამოიყვანოს. ეს ნამდვილად არის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი“, - აცხადებს ქვრივიშვილი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოხდა ისე, რომ ტურიზმი გაიზარდა 5,6%-ით, შესაბამისად ქვეყანამ 2 კვარტლის ჭრილში უკვე უმასპინძლა 3 მლნ ვიზიტორზე მეტს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები