თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო ibis Styles-ი ახალი წლის დღეებში სრულად არის დაჯავშნილი. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს ოთახების მართვის განყოფილების მენეჯერმა ნინო უშარაულმა განაცხადა, ახალი წლის ღამეს ibis Styles-ში ტრადიციულად ჯავშნების უმეტესობა სომხეთიდანაა.
„ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ძალიან ბევრი ჯავშანი გაქვს მეზობელი სომხეთიდან. ამ პერიოდში ძირითადად ერთი და იგივე სტუმრები და ჯგუფები გვყავს“, - ამბობს ნინო უშარაული.
რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ჯგუფურ ჯავშნებს, ის ibis Styles-ის მაგალითზე ჩინეთიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან ჭარბობს.
როგორც ibis Styles Tbilisi Center-ის ოთახების მართვის განყოფილების მენეჯერი ამბობს, 2023 წელს სასტუმრო სტუმრების რაოდენობის მხრივ 2019 წლის მაჩვენებელზე უკეთეს შედეგზე გავიდა .
„როგორც იცით პანდემიას სასტუმრო სექტორზე მძიმე გავლენა ჰქონდა. ამიტომ პანდემიიდან რომ განვსაზღვროთ და 2023 წელი 2020-2022 წლებს შევადაროთ, 2023 წელი გაცილებით უკეთესი იყო. ჩვენი მოლოდინები გადაჭარბებით გამართლდა.
2019 წლის მაჩვენებლებზე გავედით და მოლოდინები საკმაოდ კარგია მომდევნო წლებზეც. სტუმრებს რაც შეეხება ჩვენ ძირითადად მაინც ჯგუფებზე მუშაობთ, მაგრამ ლოკაციის გათვალისწინებით ძალიან ბევრი ინდივიდუალური სტუმარი გვაქვს.
აქედან გამომდინარე, 2023 წელს სასტუმროში ჭარბად იყვნენ სტუმრები რუსეთის ფედერაციიდან. იმაზე მეტი ვიდრე უკრაინელები. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა და გვყავს გალფის ქვეყნებიდან და ასევე ისრაელიდან.
ზაფხულის პერიოდში საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა ჩინეთიდან და ინდოეთიდან. ინდოეთიდან პირდაპირი ფრენების და ჩინელი ტურისტებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ამ ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა გაიზარდა. იმატა, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფების რაოდენობამაც. ამ ფაქტმა ჩვენთან სტუმრების რაოდენობაზე დადებითი გავლენა მოახდინა“, აცხადებს ibis Styles Tbilisi Center-ის ოთახების მართვის განყოფილების მენეჯერი.
რაც შეეხება სასტუმროში განთავსების ფასებს, 2022 წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია.
„სეზონიდან გამომდინარე ფასების მხრივ იგივე „რეინჯში“ ვტრიალებთ, როგორც ეს 2022 წელს იყო. ყველამ ვიცით, რომ ზამთარში სასტუმრო სეგმენტში ფასები დაბლა ჩამოდის, ხოლო ზაფხულისთვის მაღლა იწევს“, - ამბობს ნინო უშარაული.
შეგახსენებთ, რომ ibis styles Tbilisi center მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ოპერატორის და ევროპის ბაზრის ლიდერი კომპანია Accor Group-ში შემავალი 3-ვარსკვლავიანი სასტუმროა.
სასტუმროში 101 სტანდარტული, 7 სუპერიორი და 11 ლუქსია განთავსებული. თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროს მეხუთე სართულზე განლაგებულია Ciy Roof ტერასა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ქალაქის საუკეთესო ხედი დაათვალიეროს. სასტუმრო მდებარეობს ქალაქის შუაგულში - გ. ტაბიძის #4-ში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა