აზიური დესერტის მაღაზია Mochiko • მოჩიკო ქუთაისში პირველი საოჯახო საწარმოა, რომელიც მომხმარებელს მოჩის იაპონურ ტკბილეულს სთავაზობს.
როგორც მეწარმე თაკო კინწურაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, აზიური დესერტი მზადდება წებოვანი ბრინჯის ფქვილისგან და ქართული ბაზრისთვის სიახლეა.
ახალგაზრდა მეწარმე არ მალავს, რომ ამხელა ინტერესს არ ელოდა, რამაც აზიური დესერტის შემქმნელებს ახალი იდეებისკენ უბიძგა - სამომავლოდ ,,მოჩიკო" ასორტიმენტის ზრდას და გაფართოებას გეგმავს.
„სამეწარმეო სახით მოჩის დესერტები ქართულ ბაზარს პირველებმა შევთავაზეთ. ინტერესს ველოდით, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ზუსტად 1 თვე შეგვისრულდა და უკვე მთელ ქუთაისში გვიცნობენ. სოციალური ქსელის საშუალებით კი სხვა ქალაქებშიც გავითქვით სახელი, რაც ძალიან გვსიამოვნებს.
ჯერ ახლა ვიწყებთ და ასე მალე ახალი პროექტების განხორციელება მარტივი არ იქნება, თუმცა სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდას და გაფართოებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ ბრინჯის ფქვილისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი დავამზადოთ, რომელიც არ იქნება მხოლოდ დესერტი", - ამბობს თაკო კინწურაშვილი.
„მოჩიკო" საოჯახო ტიპის საწარმოა, რომელიც 2023 წლის 23 მაისს დაფუძნდა. ბრენდის სახელით დესერტის 13 სახეობა იწარმოება, ასევე 3 კრემიანი მოჩი, რომელიც განსხვავებული სტრუქტურით გამოირჩევა.
ცნობისთვის, მოჩი იაპონური ნაყინია რომელიც მზადდება მოჩიგომისგან - იაპონური მრგვალმარცვლოვანი წებოვანი ბრინჯისგან, გამოირჩევა განსხვავებული,საინტერესო გემოთი და სტრუქტურით.
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა