დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს ბევრი ქვეყნისთვის შესაშური კომბინაცია, ეკონომიკური ზრდა კვლავაც ძლიერია და ინფლაცია დაბალია - ნათია თურნავა

გვაქვს ბევრი ქვეყნისთვის შესაშური კომბინაცია, ეკონომიკური ზრდა კვლავაც ძლიერია და ინფლაცია დაბალია - ნათია თურნავა

25-03-2024 09:57:00

ჩვენ გვაქვს ბევრი ქვეყნისთვის შესაშური კომბინაცია, ეკონომიკური ზრდა კვლავაც ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ორი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და შემდეგ ნორმალიზაციისკენ წავედით, კვლავაც მაღალია ეკონომიკური ზრდა და პროგნოზები ამ კუთხით უმჯობესდება. ამაზე თუნდაც 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაზრდილი პროგნოზი მეტყველებს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია იმედის დილის ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ განაცხადა.

„ამავდროულად გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, არა მხოლოდ მიზნობრივზე დაბალი, არამედ, ბოლო ათი თვის განმავლობაში ინფლაცია 1%-ზე დაბალია. ამ ორი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორის თანწყობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკის პროდუქტიულობა გაზრდილია. ეკონომიკური ზრდის მთავარი გამწევი ძალაა ინვესტიციები და ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ და თუნდაც დასაქმების მიმართულებით კეთილსაიმედო მდგომარეობას ნიშნავს“, - აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება პროგნოზებს, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ არის მოლოდინი იმისა, რომ ინფლაცია ეტაპობრივად ზომიერად მიუახლოვდება მიზნობრივ დონეს - 3%-ს და მის ირგვლივ დასტაბილურება საშუალოვადიან პერიოდში.

„ეკონომიკურ ზრდაზე მოგახსენეთ, თუკი ადრე სსფ-ს ხედვა იყო 4,8%, მათი ბოლო შეფასება, წლევანდელი ზრდა არის 5,7%, რაც სსფ-მ თითქმის 1%-ით გააუმჯობესა. სებ-ის პროგნოზები განახლება მაისში და ჩვენ ამ დროს ვითვალისწინებთ შიდა და გარე ფაქტორებს. ინფლაციის შემაკავებელ პოლიტიკაში ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, მაღალმა რეფინანსირების განაკვეთმა, თუმცა ინფლაციური გარემოს მოთოკვამ, მოგვცა საშუალება რომ დროულად დაგვეწყო შერბილება ჩვენი მონეტარული პოლიტიკის, რამაც ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება განაპირობა. ამ კუთხით ჩვენ ზომიერად, ფრთხილად განვაგრძობთ სვლას, თუმცა მნიშვნელოვანია სხვადასხვა შესაძლო შოკი, გარე რისკ-ფაქტორები, რომელიც უკავშირდება გარე პოლიტიკას. კვლავაც არაპროგნოზირებადია გეოპოლიტიკური ვითარება, რაც იწვევს არაპროგნოზირებად გარემოს მსოფლიო სასაქონლო ბირჟებთან მიმართებით.

საქართველო გახლავთ მცირე ზომის ღია ეკონომიკა, რომელიც მოწყვლადია ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია, მედეგია და ამ კუთხით ჩვენ სიფრთხილეს შევინარჩუნებთ“, - -აღნიშნა თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები