როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული გაქვს, ოკუპანტი თბილისიდან 30 კილომეტრშია და თქვენ, 50 ლარად ეპისკოპოსის წოდებებს ურიგებთ ადამიანებს, მერე გინდათ იყვიროთ, რომ თავისუფალი, ძლიერი და წელგამართული საქართველო გიყვართ, ასე არ გამოვა. გულზე მჯიღის ცემა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ყველას შეუძლია და ქვეყნის მსახურება, როცა ეს საჭირო და აუცილებელია, როგორც ჩანს ერთეულების საქმეა - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, თავდაცვის კოდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის კოდექსის განხილვა ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ნებისმიერ დეპუტატს მიეცემა ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა.
გია ცაგარეიშვილმა გაიხსენა ამ ფუნდამენტური საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო აგორებული ინსინუაციები, მათ შორის „გირჩის“ და სხვა კოლეგების მხრიდან.
მისი თქმით, ადამიანებს უნდათ თავისუფალი, ფეხზე დამდგარი, წელგამართული, ძლიერი საქართველო, ოღონდ არ უნდათ სამხედრო ბეგარის მოხდა, რაც ნონსენსია.
„ჩვენ რიგგარეშე სხდომებზე დაგვრჩა განსახილველად მხოლოდ თავდაცვის კოდექსი. საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სხდომა ხვალ 11 საათიდან განახლდეს და მთელი დღე მიეძღვნას ამ კოდექსის განხილვას. ნებისმიერ დეპუტატს მიეცემა შესაძლებლობა, ნებისმიერი სახის კითხვა დაუსვას მომხსენებელს - თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და ისიც ვალდებულია, ამ კითხვებს პასუხი გასცეს. მესმის, რომ ეს შრომატევადი და დამღლელი პროცესია მათ შორის მომხსენებლისთვისაც, მთავრობისთვისაც, მაგრამ ეს არის ის, რაც დადგენილია რეგლამენტით, საპარლამენტო სტანდარტებით. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა დავუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის. სხვა არის, რა ინსინუაციებიც იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო აგორებული, მათ შორის ჩვენი კოლეგების, პარტია „გირჩის“ და სხვა კოლეგების მხრიდან. ეს ცალკე თემაა, სპეკულაცია, აღვირახსნილი, წარმოუდგენელი რამ ხდება ზოგადად ქვეყანაში. ადამიანებს უნდათ თავისუფალი, ფეხზე დამდგარი, წელგამართული, ძლიერი საქართველო, ოღონდ არ უნდათ სამხედრო ბეგარის მოხდა. ეს არის ჩემთვის ნონსენსი და წარმოუდგენელი ამბავი. გულზე მჯიღის ცემა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ყველას შეუძლია და ქვეყნის მსახურება, როცა ეს საჭირო და აუცილებელია, როგორც ჩანს ერთეულების საქმეა. როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული გაქვს და ოკუპანტი თბილისიდან 30 კილომეტრშია, თქვენ 50 ლარად ეპისკოპოსის წოდებებს ურიგებთ ადამიანებს და მერე გინდათ იყვიროთ, რომ თავისუფალი, ძლიერი და წელგამართული საქართველო გიყვართ, ასე არ გამოვა“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, თუ გვინდა ძლიერი თავდაცვის ძალები, წელში გამართული ქვეყანა, ეს ბეგარა უნდა მოიხადოს ყველამ.
„აქედან არც თუ შორი ქვეყანაა ისრაელი, რომელიც გარშემო მტრებით არის გარემოცული და ცეცხლის ალშია გახვეული. შეხედეთ, ეს სახელმწიფო როგორ დადგა ფეხზე, არანაკლები ბედი გვაქვს ჩვენ სხვათა შორის, ამიტომ ასეთი მიდგომები, აწყვეტილი ე.წ. თავისუფლება, ვიცი რითიც მთავრდება ბოლოს, თორემ კი ბატონო, გადავიდოთ ფეხი ფეხზე და დაველოდოთ ისევ ადამიანს, რომელიც ჩვენი გულისთვის იმსახურებს, იფიქრებს, განსჯის ამ ქვეყანაში. ვიყავით ასე თითქმის ორი საუკუნის მანძილზე, რუსული ჩექმის ქვეშ, როცა რუსი მსახურობდა ამ ქვეყანაში ქართველის მაგივრად. ეს წარსულს ჩაბარდა. თუ გვინდა ძლიერი თავდაცვის ძალები, წელში გამართული ქვეყანა, ეს ბეგარა უნდა მოიხადოს ყველამ, ჩემით დაწყებული, „გირჩი“-ს წევრებით დამთავრებული და თუ არ გვინდა, მაშინ გადავწყვიტოთ საერთოდ რა გვინდა, გავაუქმოთ ჯარი, პოლიცია, ყველაფერი და მოვა ვიღაც შემდეგ აქ, იმსახურებს ჩვენს მაგივრად და დაიცავს ჩვენს თვალწარმტაც სამშობლოს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა