თევზსაშენი და ხიზილალის მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან ფიშ ენდ კავიარი“ (Georgian Fish & Caviar) საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლერი ჭიჭინაძემ განაცხადა, კომპანია მოლაპარაკებების რეჟიმშია გალფის ქვეყნებთან და ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთანაც.
„ექსპორტთან დაკავშირებით სხვადასხვა პოტენციურ პარტნიორებთან მიდის მოლაპარაკებები და სხვადასხვა საკითხის შეთანხმება და გავლა - როგორიც არის დოკუმენტაცია, სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორების გადაწყვეტა, რომელიც არა უშუალოდ პროდუქციას ეხება, არამედ ტექნიკურ საკითხებს. რომ გადახვიდე ბაზრის წილის ათვისებაზე, ან ფასებზე სალაპარაკოდ ეს ნაწილი რთული გადასალახია. ჯერჯერობით სწორედ ეს გვაფერხებს.
ექსპორტზე გასვლასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გაქვს გალფის ბაზარზე შესვლაზე. მოლაპარაკებები მიდიოდა ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან, მაგრამ მათ ბაზარზე შესვლა კიდევ უფრო რთულია, რადგანაც ქვეყანა არ აქვს გამარტივებული ბიზნეს ურთიერთობა, რომელიც უშუალოდ ცხოველური წარმოების პროდუქტებს ეხება. ასევე მოლაპარაკებები გაქვს აშშ-სთან, კანადასთან“, - აცხადებს ლერი ჭიჭინაძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის მაჩვენებლებს, Georgian Fish & Caviar-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის თქმით, გაყიდვები მზარდია. იმისათვის, რომ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზარდოს კომპანიამ იანვრიდან ონლაინ გაყიდვების სერვისიც დაამატა.
„დავამატეთ ონლაინ გაყიდვები, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვებს თბილისსა და ბათუმში ვახდენთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო გავტესტოთ საცალო ბაზარი. ონლაინ გაყიდვები ჩვენი რეალიზაციის მთავარი წყარო არ არის, რადგანაც მაინც სატესტო რეჟიმში ვართ და რესურსების მაქსიმუმს ჯერჯერობით მარკეტინგში არ ვდებთ, რადგანაც ინკუბაციაზე და წარმოების გაზრდაზე ვართ ორიენტირებული“, - ამბობს Georgian Fish & Caviar-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
Georgian Fish & Caviar-ი პროდუქციის გაზრდაზეც მუშაობს და შებოლილ თევზს ტესტავს და როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, შედეგები დადებითია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Georgian Fish & Caviar-ის მთავარი პროდუქტი ხიზილალაა.
„ჩვენი მთავარი მიმართულება არის ციმბირული ზუთხის ხიზილალა, რომელიც პრემიალური მიმართულება და სახეობაა. ჩვენს მიერ წარმოებული ხიზილალის გამორჩეული ნიშან-თვისება არის ის, რომ არ ვიყენებთ ხელოვნურ დანამატებს და კონსერვანტებს - არის ბუნებრივი და ნატურალური. მისი შენახვა ხდება მხოლოდ მარილის და ვაკუუმ შეფუთვის დახმარებით. ასევე საკმაოდ გამორჩეულია ქართული წყალი, რომელიც კარგ გემოვნურ თვისებებს აძლევს ჩვენს ხიზილალას. ჩვენი ფერმა არის უხვი წყალმომარაგების ფერმა, რაც გულისხმობს მდინარე პინტრიშიდან მიღებულ წყალს, პლუს წყლის ჭაბურღილები, მუდმივად გამდინარე წყალი. აუზები იწმინდება მუდმივ რეჟიმში და წლის სისუფთავე გემოზეც აისახება.
რაც შეეხება შავ ხიზილალას, ანუ ციმბირული ზუთხისგან მიღებულ ხიზილალას უფრო აქტიური სეზონებია დღესასწაულები: შობა-ახალი წელი, აღდგომა და ასე შემდეგ. ძირითადად არის კონკრეტული შეკვეთები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროდუქცია დამზადდეს მოთხოვნის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ხიზილალა მუდმივად ახალია და არ გვიწევს მისი გაყინვა“, - ამბობს ლერი ჭიჭინაძე.
Georgian Fish & Caviar-ი ამ დროისათვის ფერმის გაფართოებას არ განიხილავს, რადგანაც ჯერ არსებული ფერმის სრულად ათვისება უნდა მოახდინოს.
„ჯერ ჩვენი ფერმის მაქსიმალური რესურსი უნდა ავითვისოთ. ამისთვის ვაკეთებთ იმას, რომ ინკუბაციაზე და თევზის გამოზრდაზე ვართ კონცენტრირებულები. ამასთან ერთად ჩვენ ვაწარმოებთ ორაგულს და ცისარტყელა კალმახს, მაგრამ სამომავლოდ განვითარების გზას იმ მიმართულებითაც ვხედავთ, რომ ის რესურსი, რომელსაც ცისარტყელა კალმახს ვუთმობთ დიდი შანსია, რომ მთლიანად ზუთხზე გადავერთოთ და ნაკლები აქცენტი კალმახზე გავაკეთოთ. ეს გზა კი უფრო მომგებიანია“, - ამბობს ლერი ჭიჭინაძე.
უახლესი
5 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა