,,მე უაღრესად ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შალვა პაპუაშვილთან, ძალიან ვაფასებ მასთან და მის გუნდთან შეხვედრას. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი,'' - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აღნიშნა, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
,,ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და ნატოს-თან ინტეგრაციისთვის. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების, ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების სურვილი, რასაც დიდად ვუჭერ მხარს.
მე, ასევე, გამოვხატე ჩვენი ღრმა მადლიერება ამ ურთულეს მომენტში ისრაელისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდამხარ დგომისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის ისრაელის მიმართ.
მე, ასევე,გამოვთქვი მადლიერება საქართველოს ძალიან ეფექტური მოქმედების მიმართ, რომელიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლის პრევენციისკენ და ხელს უშლის რუსეთში იმ საქონლის შეღწევას, რაც დაეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას.
ბოლოს ვისაუბრეთ ჩვენს 31 წლიან პარტნიორობაზე და მეგობრობაზე, წინ კი მრავალი წელია. ეს ორივე ქვეყნის სურვილია, გავაღრმაოთ ეს მეგობრობა უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობით, უფრო მეტი ვიზიტით შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მე მოუთმენლად ველი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას, აქ ჩემი ელჩობის განმავლობაში,'' - განაცხადა რობინ დანიგანმა.
უახლესი