საქართველოში ფინანსური ეკოსისტემისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემაზე ღონისძიება, სახელწოდებით "ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა - თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობი" გაიმართა.
ღონისძიებაში საჯარო და კერძო სექტორის, კომერციული ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, წინა წლებში სებ-მა დიდი პროგრესი აჩვენა რეგიონში წამყვან ტექნოლოგიურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში.
"ჩვენ ახლა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გზის დასაწყისში ვართ. CBDC-ის 2020 წლის მერე ვიკვლევთ. ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. გავაგრძელებთ ინოვაციების მხარდაჭერას. შევარჩიეთ ტექნოლოგიური პარტნიორი და ახლა გადავდივართ შეზღუდული დროის საპილოტე პროექტზე", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.
ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ფინტექ ჰაბი.
"უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და რეგიონში წამყვანი ფინანსური ორგანიზაციის სახელი დაიმკვიდრა, რომელიც მუდმივად ავითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება საპილოტე პროექტები. CBDC-ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა და დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა", - აღნიშნა მან.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და დაინტერესებულ მხარეს. მან აღნიშნა, რომ მოხარულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია "რიპლთან" პარტნიორობით. მისი თქმით კომპანიის პროფესიონალთა გუნდი CBDC პლატფორმასთან ერთად სიღრმისეულად ჩაწვდა სებ-ის საპილოტო პროექტის ამოცანებს.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple-ის ცენტრალურ ბანკებთან ურთიერთობის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს უოლისი. მისი თქმით, მოხარულია, რომ კომპანია ციფრული ვალუტის საპილოტე პროექტის ფარგლებში საქართველოსთან ითანამშრომლებს.
ღონისძიება დასრულდა პანელური დისკუსიით, რომლის დროსაც პანელის მონაწილეებმა საქართველოში ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ებანოიძე, ციფრული ბანკის "პეივ ჯორჯიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი სალიმ დჰანინი, პირველი ქართული სტარტაპ სტუდიის, NGT პარტნერსის მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ხიდურელი, კომპანია "რიპლის" ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს უოლისი, "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი დავით აბაშიძე და "საქართველოს ბანკის" მთავარი კრიპტო ოფიცერი გიორგი გვაზავა.
უახლესი