საქართველო უძრავი ქონების მსოფლიო რუკაზე FIABCI-Georgia-ს საშუალებით ჯერ კიდევ 2019 წელს მოინიშნა. როგორც Business Insider Georgia-სთან FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის და შესაბამისად ბაზრისადმი ინტერესიც მზარდია.
„FIABCI-Georgia უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI-ის ეროვნულ წარმომადგენლობაა. FIABCI მსოფლიო მასშტაბით 70-ზე მეტ ქვეყანაში 45 წარმომადგენლობით ოპერირებს. FIABCI-Georgia საქართველოში დღეს უკვე 50-ზე წევრს აერთიანებს, მათ შორის არიან წამყვანი სამშნებლო-დეველოპერული კომპანიები, არქიტექტურული ბიუროები, საბროკერო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა კომპანიები თუ ორგანიზაციები.
ჩვენი მიზანი იყო საერთაშორისო კონვენციასთან მიმაგრება, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ყოფილიყო უცხოელი ინვესტორებისთვის, უცხოელი დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი, როგორც ცენტრი ინვესტიციებისთვის, ტურიზმის, ისტორიის და ყოველი იმ მახასიათებლების, რაც საქართველოს გამოარჩევდა და გამოარჩევს.
ჩვენი მიზანი იყო მოვხვედრილიყავით მსოფლიო ყურადღების ცენტრში და უძრავი ქონების თითოეული პროექტი და თითოეული კომპანია მონიშნულიყო საერთაშორისო უძრავი ქონების რუკაზე. აქედან გამომდინარე, FIABCI Georgia არის ის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მივაწვდინოთ ხმა პოტენციურ ინვესტორს და ამასთან, მივიღოთ დარგის საერთაშორისო პრაქტიკები, ტენდენციები და უნარ-ჩვევები, რაც წარმატების კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი იქნება და კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის.
კერძოდ, ვგულისხმობ უცხოურ ექსპერტიზას, უცხოურ გამოცდილებას, რომელსაც რეალურად ეს დიდი ორგანიზაცია ინტელექტუალური რესურსის სახით ინახავს. ეს ნიშნავს ნეთვორქინგს და სხვადასხვა აქტივობებში ჩვენი ასოციაციის ჩართულობას.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მარკეტინგული გრძელვადიანი პოზიციონირება ასოციაციის, რა საკვირველია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი და ყურადღება წლიდან წლამდე იზრდება. ყურადღება იზრდება გამომდინარე იმ დადებითი მოვლენებიდან, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ჰქონდა. ეს არის კანდიდატის წევრობა, რომელიც მეტ ნდობაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნეს გარემო და სტაბილური მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები. ასევე, რეგიონში საქართველოს სტატუსის კვლავ შენარჩუნება, როგორც უსაფრთხო, გამჭვირვალე, ბიუროკრატიის პროცესების გარეშე ქვეყნის. სწორედაც რომ ამის შენარჩუნებით გრძელვადიან პერსპექტივაში იზრდება შანსი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს და მოვიზიდოთ მეტი უცხოური ინვესტიცია“, - განმარტავს FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი.
ნუცა აბრამიშვილის განმარტებით, წელს შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება უძრავი ქონების პროექტების მეორე ეროვნული დაჯილდოება, იგივე ,,უძრავი ქონების ოსკარები.” შედეგად, გამარჯვებულ კომპანიებს ეხსნებათ გზა წარდგნენ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. მისივე თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით პროექტების წარდგენაზე 2-ჯერ მეტი მოთხოვნაა.
„ეს არის ერთადერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ინდუსტრიაში, სადაც მსოფლიო პროექტები არიან თავმოყრილნი. FIABCI-ის საიტზე უკვე გახსნილია საკონკურსო პირობები. საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტებულია კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით მოახდენენ პროექტების შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები, რომელსაც ვიღებთ უნდა იყოს დასრულებული. რაც ცხადი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში პროექტები იწყება და საქართველოში პროექტები სრულდება“, - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების მსოფლიო ოსკარების FIABCI Prix d' Excellence Awards-ის შესარჩევი ეროვნული დაჯილდოება წელს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდება.
FIABCI-Georgia Prix d’Excellence ღონისძიება რეგიონში პირველად საქართველოში 2022 წელს გაიმართა. დაჯილდოება ჩატარდა “საქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის”, “დიჯითალარეას” მხარდაჭერით. ეროვნულ დონეზე რჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად გამოავლინეს სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც გაიმართა MIAMI-ში.
FIABCI World Prix d’ Excellence Awards 2023-ის გამარჯვებული კატეგორიაში ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა“ გახდა ,,ბათუმის სტადიონი“.
კატეგორიაში ,,ინოვაციური საოფისე შენობა“ გამარჯვებული გახდა ,,მეამა“.
ხოლო, კატეგორიაში ,,გენერალური გეგმა“ გამარჯვებული გახდა ,,მწვანე ქალაქი ლისზე“.
FIABCI-Georgia, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI-ის ეროვნული წარმომადგენლობა დაარსდა 2019 წელს.
ფედერაციის მთავარი მიზნებია:
• უძრავი ქონების სექტორში საერთაშორისო კავშირების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
• სექტორული ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების დაორგანიზება;
• სექტორულ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
• სფეროს სხვადასხვა მიმართულების აქტორებს შორის კომუნიკაციის დამყარება-გაღრმავება;
• უძრავი ქონების სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
• ჯანსაღი, ეკო-მეგობრული მშენებლობის თემებზე ცნობადობის ამაღლება;
• ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვებში ჩართვა და მედიაცია სახელმწიფოსთან;
• ადგილობრივი უძრავი ქონების ეკო-სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
განხორციელებული პროექტები:
• თბილისის საერთაშორისო კონფერენცია: ,,ენერგოეფექტურობა მშენებლობაში.“
• თბილისის საერთაშორისო ფორუმი: ,,მდგრადი და მედეგი ქალაქების განვითარება.“
უძრავი ქონების პირველი ეროვნული დაჯილდოება-FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards;
• საერთაშორისო და ადგილობრივი ვებინარები;
• ტრენინგი: ,,უძრავი ქონება 360 გრადუსით;“
• ტრენინგი: ,,უძრავი ქონების პროექტების საერთაშორისო მარკეტინგი და გაყიდვები.“
უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია, FIABCI, 1951 წელს პარიზში დაარსდა. ის წარმოადგენს უძრავი ქონების პროფესიონალების N1 ბიზნეს-კავშირების ორგანიზაციას მსოფლიოში. FIABCI სექტორის მოთამაშეებისთვის ქმნის ინფორმაციის გაზიარების, ბიზნეს პარტნიორების მოძიების და საერთაშორისო ბიზნესის დაწყების უნიკალურ შესაძლებლობებს. ფედერაციაში ასევე პრიორიტეტულია პროფესიული განათლების მიღება-ამაღლება და ამ მხრივ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებითაც წევრები სარგებლობენ.
FIABCI აერთიანებს უძრავი ქონების ყველა პროფესიონალს: ურნაბისტებს, არქიტექტორებს,ინჟინრებს, სამშენებლო-დეველოპერებს, ბროკერებს და სექტორთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სხვა პროფესიებს.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა