„მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორია, ზუსტად ამ შედეგს ველოდი“, - ასე შეაფასა ქვეყნის მთავარი ბანკის გადაწყვეტილება ანალიტიკოსმა სოსო ბერიკაშვილმა. როგორც მან Business Insider Georgia - თან აღნიშნა, გადაწყვეტილება ინფლაციური რისკების შესამცირებლად არის მიღებული, რაც ეკონომიკაზე საშუალოვადიან პერიოდში დადებით გავლენას მოახდენს.
აქედან გამომდინარე, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და სწორედ ისეთი ნაბიჯებით, რასაც სებ-ი მიმართავს.
„ცენტრალური ბანკის მხრიდან სავსებით სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია ინფლაციასთან. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია სტაბილურად შემცირდა და ეს უკვე ტენდენციაა. მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯი გადაიდგა. ეროვნულ ბანკს აღარ სჭირდება ისეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, როგორიც აქამდე ჰქონდა.
10% მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე წინა თვეში იყო. გვესმის, რომ სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას ხისტი ნაბიჯებით ვერ შეარბილებს, ცოტა კონსერვატორული ინსტიტუტია და ასეც უნდა იყოს. ამიტომ რეფინანსირების განაკვეთს ერთბაშად ვერ შეამცირებდა, ეს არის ობიექტური სურათი“, - ამბობს ბერიკაშვილი.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლების ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებელს მიაღწევს, პროგნოზისგან თავს იკავებს.
,,ეტაპობრივად გაგრძელდება კლების ტენდენცია, რაც ლოგიკურია. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ნურავის ექნება იმედი, რომ ერთბაშად 6%-ზე ჩამოვლენ, ეს რეალურად წარმოუდგენელია, მთავარია ტენდენცია შევინარჩუნოთ. რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ იმოქმედებს იპოთეკურ სესხებზე, დაახლოებით 180 000 ადამიანისთვის ყოველთვიური გადასახადი შემცირდება, რაც დიდი შეღავათია.
გარდა ამისა, იდეაში ეკონომიკურ ზრდას ეხმარება, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ასე მყისიერად ამ გავლენას ვერ ვიგრძნობთ“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა