ეკონომიკური ზრდა ნიშნავს მეტ დასაქმებას, ნაკლებ უმუშევრობას, ნაკლებ სიღარიბეს, მეტ დოვლათს, მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხელ დუნდუამ, „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა.
„ბუნებრივია, ეკონომიკა სხვა არაფერია, თუ არა მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდა და სიღარიბის შემცირებასთან ერთად, ბუნებრივია, ეს თავის დადებით შედეგს გამოიღებს. ჩვენ წლიდან-წლამდე შევამცირეთ უმუშევრობის მაჩვენებელი და ბუნებრივია მეტი დასაქმებული ადამიანი მეტ დოვლათს ქმნის“, -აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაზრდილია.
„ეკონომიკის დივერსიფიკაცია ბუნებრივია იწვევს იმას, რომ მაქსიმალურად მდგრადად და ინკლუზიურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა. რაც შემდგომ წლებში, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე მეტი დოვლათის შექმნასა და მეტი ადამიანის კეთილდღეობას გულისხმობს. თვიდან-თვემდე ჩვენ ვხედავთ აღმავალ ტრენდს და ეს ტრენდი იქნება განგრძობითი“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისი შეფასებით, სახელმწიფოს როლი მსხვლი პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანია.
„სახელმწიფო იმიტომ აწარმოებს მსხვილ, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ ბუნებრივია, ასეთი ტიპის, საკვანძო პროექტები იწვევს მეტ ინკლუზიურობას, მცირე და საშუალო ბიზნესის მეტ განვითარებას. იმიტომ რომ მსხვილ ბიზნესებს სჭირდება მეტი ქვეკონტრაქტორი მცირე ბიზნესის სახით და საბოლოო ჯამში ეს რეგიონებში მეტ ჩართულობას გამოიწვევს. კონცენტრირება ხდება არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ პერიფერიებში. ვგულისხმობ ანაკლიის პორტს, შავი ზღვის კაბელის პროექტს, ე.წ. ელექტრომაგისტრალს, ყოველივე ეს საბოლოო ჯამში იწვევს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და უპირობოდ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა