დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის TOP -3 სექტორი სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა

ეკონომიკის TOP -3 სექტორი სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა

27-09-2023 20:00:40

PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერის“ თანახმად, რომელიც jobs.ge-ს მონაცემებს ეყრდნობა 2023 წელს, მარტიდან აგვისტოს პერიოდში გამოიკვეთა ეკონომიკის TOP -3 სექტორი სადაც ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა.  

2023 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 8,048 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 90.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 11,312 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით ნაკლებია, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 62.2%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

2023 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 10,337 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 66.5%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი შოთა მაჭარაშვილი Business Insider Georgia-თან ამ სექტორებში არსებული ჭარბი ვაკანსიების მიზეზებს ასახელებს: 

„JOB.GE-ს კატეგორიები რომ ჩავშალოთ, ყველაზე მოთხოვნადი სექტორიიყო გაყიდვები და შესყიდვები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ JOB.GE-ს თანახმად ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მოლარე/გამყიდველი, კონსულტანტი ან გაყიდვების მენეჯერი. სუპერმარკეტებსა და ქსელურ მაღაზიებში ამ პოზიციებზე მოთხოვნა იმითაა გამოწვეული, რომ ხშირი ცირკულაციით ხასიათდება, რადგან ამ ვაკანსიებზე არსებული დაბალი ანაზღაურების გამო ადამიანები ამ პოზიციებზე დიდხანს არ მუშაობენ. ამიტომ გაყიდვებისა და შესყიდვების სექტორში მოთხოვნა ახალ კადრებზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ტენდენციაა“, - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი.

რაც შეეხება ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის ვაკანსიებს, როგორც PMC კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი ამბობს, ამ მიმართულებებზე კადრებზე საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

„ვაკანსიების სიმრავლე, არ ნიშნავს, რომ კადრების ნაკლებობაა. მაგალითად, თუ სექტორი იზრდება, სჭირდება უფრო მეტი მენეჯერი და ადმინისტრაციული რგოლის თანამშრომელი. შესაბამისად, ეს იმაზე უფრო მეტყველებს, რომ საქართველოში ბიზნესსექტორი ვითარდება, ვიდრე იმაზე რომ კადრების სიმცირეა ან მიმოცვლა ხდება“.

ფინანსებისა და სტატისტიკის კუთხით, კი კადრებზე მოთხოვნა ამ სექტორების ზრდით აიხსნება.

„კერძოდ,  2022-2023 წელს საბანკო სექტორში და მომიჯნავე სექტორებში კადრებზე მოთხოვნა გაიზარდა. ბანკებში დადებითი დინამიკა ფიქსირდება მომხმარებელთა რაოდენობაზე, დეპოზიტებსა და სესხებზე, რაც ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ახალი კადრები აიყვანონ და სერვისების გაუმჯობესებაზე კონცენტრირდნენ“, - ამბობს შოთა მაჭარაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები