დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძირითადი დატვირთვა სარესტორნო სივრცეზეა, ერთგული დამსვენებლები ზამთარშიც გვსტუმრობენ - Wald Hotel Lagodekhi

ძირითადი დატვირთვა სარესტორნო სივრცეზეა, ერთგული დამსვენებლები ზამთარშიც გვსტუმრობენ - Wald Hotel Lagodekhi

06-02-2024 18:00:00

ლაგოდეხში, დაცულ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi-ს სტუმრები ყველა სეზონზე მრავლად ჰყავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროს მენეჯერი ქეთი კაპანაძე აცხადებს, ზამთრის სეზონზე Wald Hotel Lagodekhi-ს მაგალითზე ძირითადი დატვირთვა სარესტორნო სივრცეზე მოდის, თუმცა სასტუმროც მეტ-ნაკლებად დატვირთულია და ერთგული დამსვენებლები ზამთარშიც სტუმრობენ. 

სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi 2016 წელს გაიხსნა, მაშინ მხოლოდ 9 სასტუმრო ნომერს აერთიანებდა, თუმცა მას შემდეგ ობიექტი გაფართოვდა. 

„Wald Hotel Lagodekhi ერთ-ერთი პირველი სასტუმრო იყო ლაგოდეხში, რომელიც 2016 წელს გაიხსნა. საწყის ეტაპზე აშენდა ერთი კორპუსი, სადაც 9 სასტუმრო ნომერი იყო. დღეს კი აღნიშნული კორპუსი ბიუჯეტურ კორპუსად ითვლება. პირველი კორპუსის შემდეგ აშენდა მეორე და მესამე კორპუსი, რომელიც სტანდარტული და პრემიუმ კლასისაა. 

ამ ეტაპზე პირველი კორპუსი რენოვაციაზეა და არასეზონზე 39 ნომერს ვამუშავებთ, ხოლო სეზონზე სტუმრებს 44-45 ნომერი ემსახურება. დანარჩენი ნომრები კი სასტუმროს სტაფზეა გათვლილი.

Wald Hotel Lagodekhi აერთიანებს ასევე რესტორანს, სადაც გვაქვს როგორც ქართული ასევე ევროპული კერძები. რესტორანი საკმაოდ დატვირთულია და აქტიურად ვემსახურებით წვეულებებს, ქორწილებს და სხვადასხვა კორპორატიულ ღონისძიებებს“, - აღნიშნა ქეთი კაპანაძემ.

ტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე არის ასევე 3 კოტეჯი საუნა.

„2023 წელს სასტუმროში სტუმრიანობამ შედარებით მოიმატა. სულ ვცდილობთ, რომ სოციალურ ქსელებში ვიაქტიუროთ და გარკვეული რეკლამებიც გავაკეთოთ“, - აღნიშნა სასტუმროს მენეჯერმა.

მისივე თქმით, მაღალ სეზონზე იყო დღეები, როდესაც Wald Hotel Lagodekhi 100%-ით დატვირთული იყო და გასაქირავებელი ნომრები აღარ იყო.

„Wald Hotel Lagodekhi-ში ​მაღალ სეზონზე სტუმრების 90%-ი და მეტი ქართველი სტუმრები იყო, ხოლო დანარჩენი უცხოელები, რომლებიც სასტუმროში Booking-ით შემოვიდნენ.

ქართველი დამსვენებელი საკმაოდ აქტიურობს, რომლებიც როგორც შაბათ-კვირას ჩამომდიოდნენ ისე მთელი კვირით ან 10 დღით და ოჯახებით რჩებოდნენ.

არასეზონზე მთავარი აქცენტი უფრო რესტორანზეა, თუმცა სასტუმროში სტუმრები მეტ-ნაკლებად გვყავს. გვყავს ერთგული სტუმრები, რომელთაც აქაურობა ძალიან უყვართ და ზამთარშიც ჩამოდიან.

რაც შეხება განთავსების ფასებს, ახლა აქციები გაქვს ჩაშვებული, რადგანაც არასეზონია. სეზონზე პრემიუმ ნომრები გვქონდა 300 ლარად, თუმცა ახლა გაქვს 70 ლარად. ამ ეტაპზე მხოლოდ პრემიუმ კორპუსს ვამუშავებთ და სტანდარტული დაკეტილი გვაქვს, რადგანაც ძალიან დაბალ ფასად გაქვს ისედაც პრემიუმი და ისედაც ყველას პრემიუმში სურს, რადგანაც ძალიან მოსწონთ ის ოთახები“, - აცხადებს Wald Hotel Lagodekhi-ს მენეჯერი.

ქეთი კაპანაძე Wald Hotel Lagodekhi-ში სტუმრობის სამ მიზეზსაც ასახელებს: 

1. Wald Hotel Lagodekhi ერთადერთი სასტუმროა საქართველოში, რომელიც მდებარეობს დაცულ ტერიტორიაზე.  რამდენიმე სასტუმრო ლაგოდეხშიცაა დაცულ ტერიტორიასთან, მაგრამ ოფიციალურად და დოკუმენტურად მხოლოდ ჩვენი სასტუმროა დაცული ტერიტორიების შიდა ტერიტორიაზე. 

2. სასტუმრო მდებარეობს ტყეში. შენარჩუნებულია მწვანე გარემო. შენობები ისეა დაპროექტებული და აშენებული, რომ არც ერთი ხე არ დაზიანებულა. 

3. სასტუმრო მიმზიდველია მშვიდ გარემოში დასვენების მსურველთათვის, თუმცა Wald Hotel Lagodekhi აქტიურ წვეულებებსაც მასპინძლობს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები