დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა, ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო. British Airways-ის A320 ტიპის ხომალდი, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 150 მგზავრით დაეშვა.
ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, პირდაპირი რეისები ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის დიდი კომფორტია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ისე უცხოელი ტურისტებისათვის.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. 10 წლიანი პაუზის შემდეგ British Airways-ი უბრუნდება თბილისს, უბრუნდება საქართველოს. დღეიდან ავიაკომპანია ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანეთთან პირდაპირი კავშირი და პირდაპირი კავშირი ბრიტანეთის დედაქალაქთან - ლონდონთან. ეს იქნება ძალიან დიდი კომფორტი, როგორც ჩვენი მგზავრებისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის და არამარტო, ყველა ჩამომსვლელი ტურისტისთვის. ასე, რომ დღეიდან შეგიძლიათ იფრინოთ პირდაპირ ლონდონში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
’British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ‘’British Airways”-ი “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ.
‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე