იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური გარემო კვლავაც არაპროგნოზირებადია და რა თქმა უნდა ჩვენს ხელთ არ არის ეს ფაქტორები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვინარჩუნებთ მოქნილობას, ვაანალიზებთ მიმდინარე ვითარებას, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შეფასებისას განუცხადა.
„განახლებული პროგნოზი მაისში დაიდება და იქ უფრო დავაკონკრეტებთ თუ რა არის ჩვენი ხედვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2023 წლის მაისიდან დავიწყეთ რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება. თავიდან ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, 0,25%-ით ეტაპობრივი შემცირებით. შემდეგ ვითარებამ და დაბალინფლაციურმა გარემომ, მოგვცა საშუალება, რომ კიდევ უფრო გაგვეზარდა პროცესის შერბილების ბიჯები. რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მაღალი ვალის ტვირთი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ესეც არის ჩვენი ეკონომიკისთვის გამოწვევა და თუკი მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია საქართველოში და იძლევა ამის საშუალებას, ჩვენ ვალდებულიც ვართ, რომ დავიწყოთ ეტაპობრივი შერბილება. თუ რა ტემპით გაგრძელდება ეს პროცესი ამას დაგვანახებს უახლოესი ორი-სამი თვე და მაისში ახალი პროგნოზი დაიდება. თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა სხვა თანაბარ პირობაში, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით კვლავაც განვაგრძობთ შერბილებას“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დადგენისას მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების მონიტორინგი.
„ზოგიერთი რისკი ჩვენ წინასწარ შესწავლილი გვაქვს, ზოგიერთი რისკი არ მატერიალიზდება, ზოგიერთი შესაძლოა, უფრო ძლიერად მატერიალიზდეს. ჩვენ ვართ ღია ტიპის პატარა ეკონომიკა, დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ ჩვენ ვართ შედარებით მოწყვლადები. მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართული არის საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებაზე, ეს ნიშნავს საქართველოს მედეგობის გაზრდას, როგორც ინვესტორების თვალში ასევე ზოგადად ჩვენი შიდა ეკონომიკური აქტორების თვალში და ჩვენ ამ კუთხით განვაგრძობთ სვლას. ასევე განვაგრძობთ ჩვენი საფინანსო სექტორის, ჩვენი ბანკების, სახვა საფინანსო ორგანიზაციების მონიტორინგს, მეთვალყურეობას. ჩვენი საფინანსო სისტემა დღეს კარგად კაპიტალიზირებულია და მაღალი ლიკვიდობის ბუფერები გააჩნია, მაღალი ხარისხის აქტივები... უმოქმედო სესხების საკმაოდ დაბალია, შოკებს გაუძლო და ჩვენ მომავალში მკაცრი ზედამხედველობის ჩარჩოს ფარგლებში გავაძლიერებთ ამ პოლიტიკას“, - აღნიშნა თურნავამ.
რაც შეეხება იმას, თუ რა რისკები ახდენს გავლენას დღეს მარეგულირებლის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ რისკებიც კვლავაც გლობალურია.
„გლობალური დაძაბული გეოპოლიტიკური გარემოა, ჩვენ არ ვიცით, სად შეიძლება ახალი კერები გაჩნდეს. ვხედავთ, რომ არ ჩანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონკრეტული დროის ჩარჩოები. გარდა ამისა გლობალურად გამკაცრებულია ფინანსური პირობები, ეს ნიშნავს მაღალ საპროცენტო განაკვეთს დოლარის და ევროს რესურსზე. ასეთივე გაურკვევლობა ნარჩუნდება სასაქონლო ბაზრებზე და ჩვენ მთელი რიგი მიმართულებით იმპორტიორი ქვეყანა ვართ და ესეც დიდი რისკია - აქედან გამომდინარე ჩვენ კვლავაც ფრთხილ პოლიტიკას შევინარჩუნებთ“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა, რაც 2021 წლის თებერვლის შემდეგ განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
უახლესი