აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის და აგვისტოდან ნიუ დელისა და თბილისს შორის ფრენებს სამის ნაცვლად შვიდი სიხშირით განახორციელებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საქართველოში IndiGo-ს გენერალური აგენტი კომპანია Voyager-ის ("ვოიაჟერი") დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განაცხადა, მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, ავიაკომპანიამ სიხშირეების დამატება გადაწყვიტა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ რეისებზე უფრო დიდი აქტიურობა ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით შეინიშნება, რადგანაც საკმაოდ ბევრ ინდოელ ვიზიტორს სურს საქართველოში მოგზაურობა.
„აგვისტოდან ავიაკომპანია IndiGo იწყებს ყოველდღიური რეისების განხორციელებას, იქიდან გამომდინარე, რომ ავიაკომპანია ნიუ დელი-თბილისი-ნიუ დელის საჰაერო ხაზზე კვირაში 3-ჯერ დაფრინავდა და სრული დატვირთულობით ოპერირებდა. ამიტომ ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ დაემატებინა რეისები, რადგანაც დიდი მოთხოვნა არის, განსაკუთრებით ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით“, - ამბობს სოფო აზარაშვილი.
Voyager-ის დირექტორის თქმით, IndiGo-ს რეისებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოდან ინდოეთში წამსვლელთა მხრიდანაც, თუმცა ხელშესახები ზრდა მაინც ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრთნაკადზე მოდის.
ირკვევა, რომ ინდოელი ტურისტები საქართველოში ძირითადად თბილისის, ბორჯომის, კახეთის და ყაზბეგის მიმართულებით მოგზაურობენ, თუმცა ზაფხულის სეზონზე ბათუმი და აჭარის მიმართულების გააქტიურებაც არ არის გამორიცხული.
„ინდოეთიდან საქართველოში ტურისტები ჩამოდიან დასვენების და მოგზაურობის მიზნით. ჩამოდიან როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფებად. საშუალოდ საქართველოში 5 დღე რჩებიან და ძირითადად არიან თბილისში და თბილისთან ახლოს, როგორიც არის კახეთი, ყაზბეგი, ბორჯომი. ამ ეტაპზე ეს სამი მიმართულება ლიდერობს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უკვე ბათუმშიც იქნება დიდი აქტივობა“, - ამბობს აზარაშვილი.
მისივე თქმით, ამ დროისათვის IndiGo საქართველოში ახალი მიმართულებს დამატებას არ განიხილავს.
„ამ ეტაპზე ბათუმის მიმართულებით რეისების დანიშვნა არ განახლება, თუმცა ყოველთვის მონიტორინგში ვართ და თუ შესაძლებელი იქნება აუცილებლად დაემატება“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოდან ავიაკომპანია IndiGo ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.
IndiGo 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს.
უახლესი