დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება

01-07-2023 15:28:50

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 1 ივლისს, დინამო არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

30 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე, მასპინძელ არენაზე ჟურნალისტების კითხვებს - რამაზ სვანაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხეს.

საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.

რამაზ სვანაძე: "რთულ თამაშს ველოდებით. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. პატივს ვცემთ მეტოქეს. ისრაელს, ბოლო პერიოდში დიდი წინსვლა აქვს ფეხბურთში, განსაკუთრებით ახალგაზრდულ დონეზე. რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს - კიდევ ერთხელ გვსურს გულშემატკივრების გახარება და დადებითი შედეგის მიღწევა. ჩვენთვის მთავარია ერთიანობის, გუნდურობის და სათამაშო დისციპლინის შენარჩუნება იქნება, რაც ჯგუფურ ეტაპზე გამოგვარჩევდა.

შემთხვევით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვერავინ მოხვდება. ისრაელის ნაკრებიც გუნდურობით გამოირჩევა. მივიღეთ მეტოქე, რომელმაც დაიმსახურა ამ ეტაპზე ყოფნა. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. გვაქვს ამ გუნდთან თამაშის გამოცდილება. გორში, სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ხვალ განსხვავებული შინაარსის თამაში იქნება. ეს არის პლეი-ოფი, სადაც არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი რამ იქნება ფეხბურთელების მომზადების დონეზე დამოკიდებული. ბრძოლისუნარიანი გუნდია, თუმცა ჩვენც გვაქვს კოზირები და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

აღდგენისთვის დამატებითი დღე მნიშვნელოვანი იყო. ნიდერლანდებთან შეხვედრაში დაღლილობა ძალიან იგრძნობოდა. არ ვართ ასეთ გრაფიკში თამაშს მიჩვეულები. ვთვლი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენეთ პერიოდი აღსადგენად. გუნდი მზადა არის 90 წუთისთვის და თუ დაგვჭირდა, მეტისთვისაც.

ყველა თამაშში გვიწევს დამტკიცება, რომ ღირსეულად ვართ ამ სტადიაზე. მთელი ქვეყანა გაერთიანებულია და ეს ყველაზე ემოციური მომენტია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ერთადერთი, რაზეც ბიჭებთან ვსაუბრობ, იმ ერთიანობის და გუნდურობის შენარჩუნებაა, რამაც აქამდე მოგვიყვანა. საქართველოს ნაკრები დაფასდა და თამაშის  ფავორიტად პირველად ვითვლებით. ვალდებულები ვართ, რომ ეს სტატუსი გავამართლოთ."

გიორგი მოისწრაფიშვილი: "რთულ თამაშს ველოდებით. მეოთხედფინალში ისრაელის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.

ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში ბურთით უფრო ჩვენ ვიქნებით. ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ეს არის. ვიცით, რომ გადავსებული იქნება სტადიონი და ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. გულშემატკივრები ძალიან დიდ ძალას გვაძლევენ თამაშის მსვლელობისას." 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები