დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება არის ძალიან სტაბილური, ძალიან კეთილსაიმედო - ნათია თურნავა

ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება არის ძალიან სტაბილური, ძალიან კეთილსაიმედო - ნათია თურნავა

26-07-2024 10:10:00

ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება არის ძალიან სტაბილური, ძალიან კეთილსაიმედოა, ამაზე მეტყველებს ციფრები, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის დასაქმების საწინდარი სტაბილურად მაღალია.

„თუ შევადარებთ არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს რეგიონის სხვა სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს ის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სებ-ისთვის უწყებისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე, რომ მიუხედავად ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა, ფასების დონე ანუ ინფლაცია არის სტაბილურად დაბალი.

რატომ ვახსენებთ სიტყვას „მიუხედავად“ იმიტომ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს მაღალ დაწოლას ფასებზე, გაზრდილი მოთხოვნის მხრიდან და ფასები იზრდება. საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ არის და ჩვენ ვართ იმ მცირე სახელმწიფოთა შორის სადაც ეკონომიკაც მაღალია და ინფლაციაც მიზნობრივზე დაბალია“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, სებ-ის ანალიტიკოსები მუშაობდნენ ამ თანაფარდობის ამოსახსნელად და ამის ერთ-ერთი ახსნა არის ის, რომ ეკონომიკის პროდუქტიულობა გაიზარდა.

„მართალია მუდმივად იზრდება ხელფასების დონე, რაც ძალიან კარგია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ამავდროულად ხელფასი არის კომპონენტი პროდუქტის თვითღირებულების და შეიძლებოდა ყოფილიყო დაწოლა აქეთა მხრიდან, დაუშვათ ფასების ზრდის მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად იზრდება კონკურენცია ბიზნესში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ხელფასის კომპონენტი იზრდება თვითღირებულებაში, მაგრამ კონკურენციის გამო მარჟები კლებულობს. შესაბამისად, ამ კუთხითაც დაწოლა ინფლაციაზე არ არის. ჩვენ თითქმის 12 თვის განმავლობაში გვქონდა 1%-ზე დაბალი ინფლაცია, ფასების დონე არსებითად არ მატულობდა, მას შემდეგ რაც მსოფლიოში კოვიდის ფონზე გლობალურად იყო ძალიან მაღალი ინფლაცია და მათ შორის საქართველოშიც. მოსახლეობამ ეს რა თქმა უნდა იგრძნო და განიცადა.

ჩვენ და მთავრობამაც გავაკეთეთ ყველაფერი ამისათვის, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი კანონის დონეზე, რომ ფასების დონე აღარ გაზრდილიყო. ახლა მიზნობრივი ინფლაციის პროგნოზი არის 3%-ი,  რომელიც მიჩნეულია ჩვენი ეკონომიკისთვის მდგრად მაჩვენებლად. ჩვენ ძალიან ეტაპობრივად მივუახლოვდებით ამ 3%-ს.

იცით, რომ ივნისის ინფლაცია იყო 2,2%-ი. ჩვენ კვლავაც მიზნობრივზე დაბალ დონეზე ვრჩებით ინფლაციის თვალსაზრისით. მოკლედ ეს ორი კომპონენტი - მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია ქმნის ძალიან კეთილსაიმედო გარემოს.

ამას დავამატებდი კიდევ ძალიან კარგ სავალუტო შემოდინებებს ბაზარზე, რაც არის გარანტი იმისა, რომ სავალუტო ბაზარზეც იქნება სტაბილურობა. რაც ყოველთვის ყურადღების საგანია.

ჩვენ არ გვიყვარს და სწორადაც არ გვიყვარს კომენტარის გაკეთება ლარის მოკლევადიანი კურსის რყევებზე, იმიტომ, რომ ბაზარი თავისუფალია, რყევები განპირობებულია მოთხოვნა-მიწოდებით. საშუალო ვადაში რასაც ჩვენ ვხედავთ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არის ჯანსაღი, შემოდინებები ტურიზმიდან, გზავნილებიდან, ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა, საგარეო ანგარიშის დეფიციტი არ უარესდება კრიტიკულად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის დინამიკას - იმპორტის დინამიკა მიჰყვება, ანუ მათ შორის თანაფარდობა არ უარესდება.

აქედან გამომდინარე აქაც კარგი ვითარება არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში, სხვა თანაბარ პირობებში გვექნება სტაბილური განვითარების შესაძლებლობა ეკონომიკაში და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების სრული შესაძლებლობა“, - განაცხადა თურნავამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები