დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესის მოლოდინები და განწყობები არის პოზიტიური და დადებითი - სოსო ფხაკაძე

ბიზნესის მოლოდინები და განწყობები არის პოზიტიური და დადებითი - სოსო ფხაკაძე

28-03-2025 11:08:00

ჩვენ ხშირად ვესწრებით ხოლმე ამ ფორმატში მოწყობილ ეკონომიკურ ფორუმებს, ბუნებრივია ვისაუბრეთ ბიზნესსა და ეკონომიკაზე, -აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ფორუმის შემდეგ განაცხადა, რომლის ერთ-ერთი სპიკერი თავადაც იყო. BAG-ის პრეზიდენტმა საზოგადოებას BAG ინდექსის უახლოესი მონაცემები გააცნო.

„ძალიან საინტერესო ეკონომიკური ფორუმი გვქონდა. ჩვენ ხშირად ვესწრებით ხოლმე ამ ფორმატში მოწყობილ ეკონომიკურ ფორუმებს. ბუნებრივია ვისაუბრეთ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. ჩვენ გვქონდა BAG-ის ბოლო კვარტლის შედეგები და წარვადგინეთ, რომელიც საჯარო დოკუმენტი გახდება კვირის ბოლოდან. ვისაუბრეთ თუ რა იყო სიახლეები, რა იყო მიგნებები BAG-ის ინდექსის ბოლო კვლევაში. კარგია ის, რომ ბიზნესის მოლოდინები და განწყობები არის პოზიტიური და დადებითი. ზოგადად ბიზნესი კეთდება კარგ და პოზიტიურ მოლოდინებზე დაყრდნობით. თუ ბიზნესში არ არის კარგი მოლოდინები ბუნებრივია საინვესტიციო საქმიანობა არ გაგრძელდება და ამ მხრივ მოლოდინები გაუმჯობესებულია 9,6 ქულით, რაც თითოეულ ჩვენგანს ბიზნესში ძალიან გვახარებს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

მისივე განმარტებით, ეკონომიკურ ფორუმზე წარადგინა ასევე დასაქმების ბარომეტრიც.

„პირველ კვარტალში გამოკითხულო კომპანიების 23%-ი ასახელებს, რომ მათ გაზარდეს სამუშაო ადგილები. მეორე კვარტალში 29%-ი აპირებს, რომ სამუშაო ადგილები გაზარდოს. პირველ კვარტალში სამუშაო ადგილები ყველაზე მეტად გაიზარდა მშენებლობა-დეველოპმენტში. ხოლო მეორე კვარტალში ვაჭრობის სექტორი აანონსებს ყველაზე მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და ესეც ძალიან კარგი და პოზიტიურია. რა საკვირველია ვისაუბრეთ ასევე ხელის შემშლელ ფაქტორებზე. იმისათვის, რომ ბიზნესი კიდევ უფრო კარგად ვითარდებოდეს საქართველოში გაქვს მუდმივი პროფესიული და კონსტრუქციული კომუნიკაცია ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა BAG-ის პრეზიდენტმა.

BAG-ის პრეზიდენტის თქმით, ბიზნეს და ხელისუფლებას კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვთ. 
„ჩვენ გაქვს ძალიან კარგი და კონსტრუქციული თანამშრომლობა მთავრობასთან, პარლამენტთან. დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტური იყო. ჩვენ თითქმის ყოველ კვირაში გაქვს ასეთი ტიპის შეხვედრები. რაღაც შეხვედრები საჯარო სივრცეში ხვდება, რაღაც შეხვედრების უმეტესობა არა. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი წევრების, ბიზნესის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების ადვოკატირებას და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ამას ისმენს და მაქსიმალურად ემყარებიან იმას, რომ ქვეყანაში უფრო მეტად განვითარდეს ბიზნესი, რაც ნიშნავს საბოლოო ჯამში ძლიერი ეკონომიკის არსებობას და ეს არის წარმატების ქვაკუთხედი ეს ჩვენ ერთხელაც ვთქვით, ორჯერაც და მილიონჯერ ვიტყვით, რომ არ არსებობს წარმატებული ქვეყანა თუ მას არ აქვს ძლიერი ეკონომიკა“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.

2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სეტქორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. 
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები