დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბევრი საწარმო გაჩერდა, რომელიც ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რამაც ქვეყნიდან ექსპორტის ზრდა გამოიწვია - მაია მელიქიძე

ბევრი საწარმო გაჩერდა, რომელიც ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რამაც ქვეყნიდან ექსპორტის ზრდა გამოიწვია - მაია მელიქიძე

20-10-2023 12:00:49

რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ბევრი დიდი საწარმო გაჩერდა, რომელიც ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარდა. მოხმარება ქვეყანაში 8,3%-ით შემცირდა და სწორედ ამ ფონზე საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2023 წელს 51,2%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის 9 თვეში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში, მაია მელიქიძემ განუცხადა.

„2023 წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ წელთან შედარებით ჰიდრორესურსების კუთხით აბსოლუტურად მსგავსი გენერაცია გვქონდა, მხოლოდ 0,2%-იანი სხვაობა (ისიც 2023 წელს უფრო ნაკლები ვიდრე 2022), მაგრამ სამაგიეროდ უკრაინის ომის გამო სამწუხაროდ ბევრი საწარმო გაჩერდა [რედ: ფეროშენადნობების წარმოება] და ძირითადად ამ მიზეზით მოხმარება 2023 წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 8,3%-ით (888,4 მლნ.კვტს.სთ-ით), სწორედ ამის გამო საქართველო ფლობდა ჭარბ ენერგორესურსს და განახორციელა ელექტროენერგიის ექსპორტი 2023 წელს 51,2%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის 9 თვეში“, - ამბობს მაია მელიქიძე.

საგულისხმოა, რომ 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველომ თურქეთში ჭარბი ელექტროენერგია გაყიდა. როგორც მაია მელიქიძე განმარტავს, ეს იმითაა გამოწვეული, რომ თურქეთი თბოგენერაციაზე დამოკიდებული ქვეყანა, რომლის წილი მთელი გენერაციის 60-70%-ია, აქვს იმპორტულ ქვანახშირსა და გაზზე მომუშავე თბოსადგურები.

„უკრაინის ომის გამო, ენერგორესურსებზე ფასები გაიზარდა. ბუნებრივია, ამას გავლენა ჰქონდა თურქეთის ბაზრის ფასებზეც. რეკორდულად გაძვირდა ელექტროენერგია 2022 წელს, რომელიც აშშ ცენტებში შეადგენდა: აპრილი - 12,63; მაისი - 9,79; ივნისი - 13,94; ივლისი - 13,69; მართალია ფასები 2023 წელს შედარებით დაბალი იყო (აპრილი - 9,47; მაისი - 9,87; ივნისი - 7,19; ივლისი - 7,59), მაგრამ აქ ითამაშა მთავარი ფაქტორი ისევ ენერგორესურსების არსებობამ და მოხმარების დაბალმა დონემ საქართველოში (2023 წლის 9 თვეში). დაბალი მოხმარების გამო ქვეყანაში ჭარბი ელექტროენერგია შეიქმნა და გაჩნდა ჰესებზე წყლის დაღვრის საშიშროება. თურქეთში ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი გასულ წელთან შედარებით დაბალია, მაგრამ ქართული ჰიდროსადგურებისთვის მაინც მომგებიანი იყო“, - ამბობს მაია მელიქიძე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 103,286.51 ათასი დოლარის ღირებულების 1,468,188.05 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 51%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 971,005.3 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა.

იგივე თემაზე: 

ელექტროენერგიის ექსპორტი 51%-იან ზრდას აჩვენებს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები