აჭარა World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება.
დღეს, ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს. World Travel Awards-ის ნომინაციებზე წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარი არის წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს უწევს კონკურენციას. ბათუმის 10 კონკურენტს შორის კი წელს ვილნიუსი(ლიეტუვა), ლუბლიანა (სლოვენია), ბრაგა (პორტუგალია), მატერა (იტალია) და მლჯეტია (ხორვატია) წარმოდგენილი. რაც შეეხება ბულვარს, ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული. ცნობისთვის, ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო. გასულ წელს, კი World Travel Awards “-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. World Travel Awards-ის სხვადასხვა ნომინაციებში საქართველოდან რამდენიმე ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ეროვნული პარკი და კერძო კომპანიაა წარდგენილი.
ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას World Travel Awards საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე სპეციალური შოუ პროგრამით ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმართმასპინძლობა იქნება წარმოჩენილი. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრა, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან. აღსანიშნავია, რომ World Travel Awards-ს წელს 30 წელი უსრულდება, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებიან, მათ შორის იქნებიან Euronews, BBC-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიების სტუმრებისთვის დაგეგმილია რეგიონის და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ქართული სტუმართმასპინძლობის ჩვენება და პრეზენტაცია. გაცნობითი ტურების ფარგლებში სტუმრებისთვის ჩატარდება საინტერესო ტურები, მასტერკლასები და დეგუსტაციები. მათ ასევე ექნებათ საშუალება გაეცნონ ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. სპეციალურად მათთვის გაიმართება ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის შოუები. პროგრამის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ბათუმის ძველ და ახალ ნაწილს, ბათუმის უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს, VI საუკუნის პეტრას ციხეს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიოს ციხეს, მთიან აჭარას და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობებს.
World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
უახლესი
1 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება