დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბანგურიანი მესტიაში" ახალი სეზონისთვის ემზადება

„ბანგურიანი მესტიაში" ახალი სეზონისთვის ემზადება

01-04-2023 16:00:28

პანდემიური კრიზისის შემდეგ სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში" ძალებს იკრებს.

როგორც სასტუმროს მენეჯერი თენგიზ სიჭინავა Business Insider Georgia- თან ამბობს, ჯავშნებზე აქტიური მოთხოვნაა და ფიქრობენ, რომ ზაფხულში სრული დატვირთვით შეძლებენ მუშაობას.

„პანდემიის პერიოდში არსებული პრობლემა დიდწილად მოგვარდა, ამჟამად სიტუაცია დადებითისკენაა შეცვლილი.

მაქსიმალურად მოვემზადეთ ახალი სეზონისთვის და ვიღებთ შეკვეთებს. ამ მხრივ ზამთარში გარკვეული პრობლემა უამინდობის გამო შეგვექმნა. რამდენიმე ჯავშანი გაგვიუქმდა და ტურისტების ნაწილმაც ვადაზე ადრე დაგვტოვა.

ვფიქრობთ, ზაფხულში მოცემულობა შეიცვლება. ამ ეტაპზე იტალიელებს ვმასპინძლობთ, დიდი მოთხოვნაა აგრეთვე მეზობელი ქვეყნების მხრიდანაც, განსაკუთრებით რუსები, უკრაინელები და ბელარუსები აქტიურობენ. წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია და მოთხოვნაც მუდმივად მატულობს. ვიმედოვნებთ, რომ წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი აქტიური და გამორჩეული იქნება, რის მიხედვითაც ახალ პროექტებს განვახორციელებთ. ვნახოთ, წლევანდელი სეზონი ამ მხრივ რა შესაძლებლობას მოგვცემს", - ამბობს თენგიზ სიჭინავა.

როგორც სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, სამომავლო გეგმაშია გაფართოება, ახალი ნომრების დამატება და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა.

ამ ეტაპზე „ბანგურიანში“ 36 ნომერია. წლის განმავლობაში სასტუმრო „ბანგურიანის“ საშუალო დატვირთულობა 40%– ია, ზაფხულში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

სასტუმროს მენეჯერის თქმით, თუკი სეზონი გაამართლებს, ჯავშნების 100%-ით შევსებას ვარაუდობენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები