BAG დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.
2023 წლის II კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ.
BAG-ის დასაქმების ბარომეტრმა 41.9 ქულა შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესებულია როგორც 2022 წლის II კვარტალთან შედარებით (14.2 ქულით), ასევე, წინა - 2023 წლის I კვარტალთან შედარებით (7.9 ქულით).
2023 წლის II კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.
2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა ვაჭრობის (7.7 ქულით გაიზარდა), მშენებლობის (13.0 ქულით გაიზარდა), მრეწველობისა (20.5 ქულით გაიზარდა) და მომსახურების (3.1 ქულით გაიზარდა) სექტორებში (იხილეთ გრაფიკი 2).
2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამ სექტორებში არსებულ ოპტიმისტურ მოლოდინს გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით.
დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც.
BAG-ის დასაქმების ბარომეტრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში კომპანიათა 32%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები.
„აღნიშნული ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოში სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას.
აღნიშნულ ფაქტორებს ხელის შემშლელად კომპანიათა დიდი ნაწილი აფიქსირებს (2023 წლის II კვარტალში კომპანიათა 59%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 41%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა ხელის შემშლელ ფაქტორებად).
გამოკითხულ კომპანიათა შორის, ვინც 2023 წლის II კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (85%-მა) 2023 წლის II კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა. 2023 წლის II კვარტალში, არც ერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია დასაქმებულთა ანაზღაურება 60%-ზე მეტად.
სექტორების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში, ვაჭრობის და მშენებლობის სექტორებში კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დააფიქსირა დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა. 2023 წლის III კვარტალში კი დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი (45%) მშენებლობის სექტორში გეგმავს“, - ნათქვამია კვლევაში.
უახლესი