სახელმწიფოსა და APM Terminals-ს შორის ფოთის პორტის გაფართოებაზე შეთანხმება განხორციელების ეტაპზე რომ გადავიდეს, ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა შეთანხმედეს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოებას, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ბევრი დეტალი იყო გავლილი. არის საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც შეთანხმდა. არის გარკვეული საკითხები რომელიც უნდა შეთანხმდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ ესეც გადავიდეს განხორციელების ეტაპზე", - უპასუხა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში ქვეყნის უმსხვილესი, ფოთის პორტის პოტენციალი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პორტის ოპერატორის APM Terminals-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგ A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მზარდი ტვირთნაკადის ფონზე, ფოთის პორტში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
APM Terminals-ის წარმომადგენლებმა მეტი ინვესტიციის განხორციელების და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მზადყოფნა გამოთქვეს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლოდ ფოთის პორტის შესაძლო გაფართოებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას APM Terminals-ის მხრიდან ევროპისა და აფრიკის რეგიონული დირექტორი იგორ ვან დერ ესსენი და APM Terminals Poti-ს გენერალური დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
კომპანიამ APM Terminals Poti მიწით სარგებლობის უფლება მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყისი ეტაპია.
კომპანიას სურს ფოთში საზღვაო ნავმისადგომის გაფართოება, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიური კარი, რომელიც მოემსახურება Panamax-ის ტიპის გემებს. APM Terminals Poti გეგმავს პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში. პროექტი ორი ფაზისგან შედგება.
პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.
მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.
კომპანია გეგმავს მშრალი ტვირთებით ოპერირებას. ესაა ლითონი მთელი რეგიონიდან, სასუქები, მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.
უახლესი
28 წუთის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი2 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს2 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა3 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
ვაჭრობის ჩემპიონატი ბიტანიკაზე