დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამ პროფესიას სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, ქვეყანაში ექთნების მწვავე დეფიციტია - ნინო კიკნაძე

ამ პროფესიას სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, ქვეყანაში ექთნების მწვავე დეფიციტია - ნინო კიკნაძე

19-10-2023 16:00:39

ვფიქრობ, რომ ნამდვილად დადგა დრო, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა ასევე პერსონალმა გარკვეული რიგის სალიცენზიო და სანებართვო მოთხოვნები დააკმაყოფილონ,  - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო კიკნაძემ განაცხადა.

ნინო კიკნაძე ამბობს, რომ უწყვეტი პროფესიული განათლება სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანია. 

„მივესალმები, რომ უწყვეტი პროფესიული განათლების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. კერძოდ, ეს უკავშირდება ექთნების თუ სხვა სამედიცინო პერსონალის განათლებას. ვფიქრობ, რომ მათ მუდმივად უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია. საექთნო და მეანი ექთნის სფეროს რეგულირებას რაც შეეხება, ზოგადად ამ პროფესიას სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, რათა პოპულარული გახდეს. დღეს ექთნების მწვავე დეფიციტია, გადინებაა ძალიან დიდია და გარდა ამისა ეს პროფესია არაპოპულარულად ითვლება. 

ცოტა ხანში ჩვენს ქვეყანას აღარ ეყოლება ბებია ქალი, იმიტომ, რომ ამ დარგის სპეციალისტები ფაქტობრივად არ გვყავს. გარდა რეგულირებისა, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო არის პოლიტიკის გამტარებელი. უწყებამ მაქსიმალურად უნდა ჩაატაროს ადვოკატირების კამპანია განათლების სამინისტროსთან ერთად, თუ როგორ გახადეს მეტად პოპულარული სამედიცინო სფერო, ნებისმიერი ფაკულტეტი, რაც მედიცინას შეეხება და მით უფრო საექთნო მომსახურებას. 

რაც შეეხება რეგულირებას, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის იმის დრო, რომ  გარკვეული რიგის სალიცენზიო და სანებართვო მოთხოვნები დააკმაყოფილონ როგორც სამედიცინო დაწესებულებებმა, ასევე პერსონალმა. რა საკვირველია, ეს მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან და ამ პროცესში სამედიცინო სფერომ უნდა მიიღოს მონაწილეობა და რეფორმის შესახებ ინფორმაცია პოსტფაქტუმ არ უნდა მიიღოს. მე მომხრე ვარ სელექციური კონტრაქტორების იმიტომ, რომ ჭარბი და არასრულყოფილი სამედიცინო დაწესებულება ბაზარზე არ უნდა არსებობდეს, რასაც აკრედიტაციაც შეუწყობს ხელს, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი სწორად წარიმართება“, - განაცხადა  ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ნინო კიკნაძე ამბობს, რომ ექთნებზე მოთხოვნა ბოლო წლებში გაჩნდა, თუმცა ამ ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას ვეღარ ეწევა. 

„სამედიცინო ფაკულტეტები ჩვენს ქვეყანაში კარგად განვითარებული არ არის, უმაღლეს განათლებას ვგულისხმობ, მათ შორის დაბალ დონეზეა პროფესიული სწავლება. ექთნებზე მოთხოვნა ბოლო წლებში გაჩნდა. შესაბამისად, სისტემა ბაზრის მოთხოვნას ვეღარ პასუხობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური ანაზღაურება შესთავაზონ ექთნებს. ზოგადად ადეკვატური ანაზღაურება უნდა გაიცეს ნებისმიერ შესრულებულ სამუშაოსთვის. ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ინვესტირების შედეგად განვითარდა, ჩადეს კაპიტალი და პროფესიონალები აღზარდეს. ამიტომ აქ სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია და მხოლოდ რეგულირების შედეგად ექთნების კვალიფიკაცია ვერ იქნება მაღალი,“ - განმარტავს ნინო კიკნაძე.

ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის − დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები