„ნიკორა ტრეიდის“ ახალი ლოგისტიკური ცენტრი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, კომპანიის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი თემურ ალექსანდრია.
სს „ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა.
მოზიდული თანხებით კი „ნიკორა ტრეიდი“ ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას დააფინანსებს.
„ახალი ცენტრის შესაძლებლობები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ოპერაციების ოპტიმიზაციას, არამედ ბაზრის სეგმენტების გაფართოებასა და ახლის ათვისებას. ასეთი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კომპანიის პოზიციასა და სანდოობას.
ისიც აღსანიშნავია, რომ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამუშაო ძალის სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, - განმარტავს თემურ ალექსანდრია.
ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დანონსებული 120 მლნ ლარის ობლიგაციების ემისიიდან დანარჩენი ტრანშის განხორციელება 2025 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
„ტრანშების ასეთ ეტაპობრივ გაშვებას მშენებლობის სპეციფიკა განაპირობებს: თავდაპირველად სრული თანხა საჭირო არ არის, ამიტომ ობლიგაციების ემისიას პროექტის ეტაპებთან ვაკავშირებთ. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ეტაპობრივად უზრუნველვყოთ საჭირო სახსრები, რაც ლოგისტიკური ცენტრის ეფექტურ და თანმიმდევრულ მშენებლობას შეუწყობს ხელს“, - განმარტავს თემურ ალექსანდრია.
„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „ნიკორა ტრეიდის“ მიერ გამოშვებული ობლიგაციებით დაინტერესება ძირითადად საფინანსო სექტორის მოთამაშეებმა და კერძო ინვესტორებმა უნდა გამოხატონ.
„ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი FMCG სექტორში ინვესტირებისა და ზრდის მიმართ“, - აცხადებს ალექსანდრია.
აღნიშნული ცენტრი თბილისში, აეროპორტის სიახლოვეს, დაახლოებით 10 ჰექტარ მიწაზე აშენდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მუშაობა სანებართვო დოკუმენტაციაზე, ხოლო მშენებლობა მომდევნო თვეებში დაიწყება.
„ჩვენი ვარაუდით, პროექტი 2-3 წლის ვადაში დასრულდება. ეს ცენტრი არ იქნება მხოლოდ „ნიკორას“ და მისი შვილობილი კომპანიების მომსახურებისთვის. ცენტრი ასევე დააკმაყოფილებს სხვა კომპანიების პროდუქციის შენახვისა და დისტრიბუციის საჭიროებებს. ლოგისტიკური ცენტრის ფართობი იქნება 42 000 კვადრატული მეტრი, და სრულად იქნება დატვირთული ასეულობით მილიონი ლარის პროდუქციით. ამ პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს კომპანიის ბიზნეს პროცესების ეფექტურობა, მოახდინოს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და გაზარდოს პროდუქციის ხელმისაწვდომობა მაღაზიებში. შემცირდება პროდუქტების დანაკარგიც, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
კომპანიის ისტორია ქართული წარმოებით იწყება, ამიტომ ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს პროექტი იქნება შესაძლებლობა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ქმნიან საინტერესო პროდუქტებს, მაგრამ არ ფლობენ სადისტრიბუციო სიმძლავრეებს. მათ საშუალება ეძლევათ, საკუთარი პროდუქტი ერთ ადგილზე მიწოდებით გააშალონ მთელ ქსელში“, - აცხადებს თემურ ალექსანდრია.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა