დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Accor-ი საქართველოში საქმიანობას აფართოებს და ფილარმონიასთან ახალ სასტუმროს ხსნის

Accor-ი საქართველოში საქმიანობას აფართოებს და ფილარმონიასთან ახალ სასტუმროს ხსნის

08-09-2023 14:19:43

Accor-ი, მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფი, ახალ სასტუმროს – „თბილისი ფილარმონია მერკურისგან“ – ხსნის. პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო ბრენდის ადგილობრივად შთაგონებული ფილოსოფიის ნაწილია. იგი იდეალურად ერწყმის არსებულ ურბანულ იერსახეს და სტუმრებს, წლის ნებისმიერ დროს, გონივრული ფასისა და მომსახურების მაღალი დონის სრულყოფილ კომბინაციას სთავაზობს.

სტუმრებს სხვა დამატებითი პრივილეგიებითა და ALL – Accor Live Limitless გლობალური ლოიალობის პროგრამით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. გარდა ამისა, თბილისში „by Mercure“-ის ბრენდის მეორე სასტუმრო – „თბილისი საბურთალო მერკურისგან“ – მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება.

“by Mercure”-ის კონცეფციის მიზანი მაღალი ხარისხის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების მფლობელებისთვის, ხუთი წლის განმავლობაში, „მერკურის“ ბრენდზე შეუფერხებლად გადასვლაში დახმარებაა. ბრენდის სტანდარტების თანდათანობითი ინტეგრაციის პარალელურად, მათ გლობალური ბრენდის ყველა უპირატესობაზე დაუყოვნებლივი წვდომა ექნებათ. ამავდროულად, სტუმრები გარანტირებულად ისარგებლებენ კომფორტის, ოთახის ზომის, მოხერხებულობისა და მომსახურების ხარისხის უკომპრომისო საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ამას მერკურის ყველა სასტუმროში ვხვდებით. By Mercure-ის სასტუმროები ALLSAFE ეტიკეტის მოთხოვნებსაც იცავენ, რაც Accor-ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს.

„გვიხარია, რომ ახალი სასტუმროს გახსნით, საქართველოს დედაქალაქში პოზიციებს კიდევ უფრო ვაძლიერებთ. გვჯერა, რომ მისი უნიკალური ადგილმდებარეობა, საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდის მაღალ სტანდარტებთან ერთად, სასტუმროს – „თბილისი ფილარმონია მერკურისგან“ – კონკურენტული უპირატესობა გახდება. მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნდობისა და საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობისთვის. მოუთმენლად ველოდებით სასტუმროს „თბილისი საბურთალო მერკურისგან“ გახსნას 2023 წლის ბოლოს“, – ამბობს Accor-ის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ოპერაციული დირექტორი ალექსის დელაროფი.

„თბილისი ფილარმონია მერკურისგან“ პეტრე მელიქიშვილის გამზირზე, მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს, ყოფილი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული, რომელიც 1929-1930 წლებში აშენდა. შენობის არქიტექტურაში ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული სხვადასხვა ეპოქის სტილისტური მახასიათებლები. საქართველოს ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ ელემენტებთან ერთად შენობა, „ქართული სტილის“ არქიტექტურის, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი ორგანულად აერთიანებს კონსტრუქტივისტული მოძრაობის სანიმუშო სიმარტივესა და ფუნქციურ მახასიათებლებს. სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) მდებარეობს, ხოლო შოთა რუსთაველის გამზირი, თავისი ლამაზი კაფეებით, რესტორნებითა და მრავალფეროვანი მაღაზიებით, სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. ძველ თბილისში მოხვედრა სტუმრებს მხოლოდ 10 წუთში შეუძლიათ. შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი 30 წუთის, ხოლო რკინიგზის ცენტრალური სადგური კი სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა.

სასტუმრო სხვადასხვა კატეგორიის 120 ელეგანტურ და ფართო ოთახს აერთიანებს, ქალაქისა და მთაწმინდის ხედებით.  ყველა ოთახს მყუდრო და ფუნქციონალური დიზაინი აქვს. თითოეული მათგანი ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც მუშაობისა და დასვენებისთვის არის საჭირო. მათ შორის: კონდიცირების სისტემა, სამუშაო მაგიდა, ჩაისა და ყავის დანადგარები, უფასო სწრაფი Wi-Fi.

რესტორანი „მუზა“, საკონცერტო დარბაზთან სიახლოვის გავლენით, მუსიკალური თემატიკით არის შთაგონებული. იგი სტუმრებს საერთაშორისო სამზარეულოსა და ადგილობრივი კერძების მენიუს სთავაზობს. მყუდრო ლობი ბარში კი ადგილობრივი ღვინოების, სხვადასხვა სასმელისა და კოქტეილის მრავალფეროვანია არჩევანია.  აქ მოსულ სტუმრებს სასმელების, ყავისა თუ კერძების დაგემოვნება დილის 7:00-დან საღამოს 11:00 საათამდე შეეძლებათ.

სასტუმროს თანამედროვე სპორტულ დარბაზში სტუმრებს, მოგზაურობის მანძილზეც კი, საშუალება ექნებათ ფორმა შეინარჩუნონ და აქტიური იყვნენ მთელი დღის განმავლობაში. სხვადასხვა სახის ღონისძიებისა და საქმიანი შეხვედრისთვის, სასტუმროს მე-6 და მე-7 სართულებზე, სამი კომფორტული და ფუნქციური სივრცეა მოწყობილი, პანორამული ხედებით. გარე ტერასაზე 100 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, რომელიც შესანიშნავი ადგილია ყავის შესვენების, კოქტეილის წვეულებებისა თუ მისაღები ღონისძიებებისთვის.

ორივე სასტუმროს ჰოლგერ ბუხვალდი უხემძღვანელებს, რომელსაც Accor-ის ქსელში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. აქამდე მას წამყვანი პოზიციები ეკავა მსოფლიოში ცნობილ ისეთ ბრენდებში, როგორიცაა: ibis, Novotel და Mövenpick.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ამ ამბიციურ პროექტებს ვხელმძღვანელობ. ყველა გენერალური მენეჯერისთვის, ყოველი სასტუმრო შვილივითაა: თითოეული მათგანი ძალიან განსხვავებული, მაგრამ ყველა ძალიან ძვირფასია. ჩემი მთავარი მიზანი ორივე სასტუმროს წარმატებული ფუნქციონირებაა. ასევე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება და მათი მოტივაცია, რათა მათ თავიანთი ნიჭი განავითარონ და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ, რაც შრომის გაზარზე მათზე მოთხოვნას გაზრდის“ – ამბობს ჰოლგერ ბუხვალდი.

„თბილისი საბურთალო მერკურისგან“ ყაზბეგის გამზირზე განთავსდება და სხვადასხვა კატეგორიის 152 ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს გასტრონომიულ რესტორანსა და კოქტეილ ბარს. ცენტრალური მდებარეობის წყალობით სტუმრებს მთავარ ტურისტულ სანახაობებთან ადვილად მოხვედრა შეეძლებათ, მათ შორის არის: სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, წითელი ბაღი, თბილისის სპორტის სასახლე და ვაკის პარკი.

Accor-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყანაში პოზიციებს აძლიერებს. ჯგუფმა გასულ წელს ქვეყანაში ორი სასტუმრო გახსნა და წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ რამდენიმეს გახსნის. „თბილისი ფილარმონია მერკურისგან“ ქვეყანაში Accor-ის მეექვსე სასტუმროა. კომპანია საქართველოში გაფართოებას განაგრძობს.

Accor-ის შესახებ

Accor -ი მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის წამყვანი ჯგუფია, რომელიც გლობალურად 110 ქვეყანაში 5,400 სასტუმროს, 10,000 გასტრონომიულ ობიექტს, გამაჯანსაღებელ დაწესებულებასა და მოქნილი სამუშაო სივრცეებს ფლობს. იგი სტუმრებს გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს. ჯგუფს ინდუსტრიაში  სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემა აქვს, რომელიც სასტუმროების 40-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს, ლაქშერიდან ეკონომიურამდე. კომპანიის შემადგენლობაში ასევე შედის Ennismore-ის ლაიფსტაილ ბრენდი. Accor-ი მოწოდებულია ბიზნესის ეთიკისა და მთლიანობის, პასუხისმგებლიანი ტურიზმის, მდგრადი განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მრავალფეროვნებისა და ჩართულობის განვითარებაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს. კომპანია 1967 წელს დაარსდა. სათაო ოფისი საფრანგეთში მდებარეობს. იგი საჯარო კომპანიაა. წარმოდგენილია Euronext Paris-ზე (ISIN კოდი: FR0000120404) და OTC ბაზარზე (Ticker: ACCYY), შეერთებულ შტატებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.group.accor.com

 Mercure-ს შესახებ

მერკური საშუალო სეგმენტის გამორჩეული ბრენდია. იგი სერთაშორისო ქსელის სიძლიერესა და ავთენტური ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას აერთიანებს. ბრენდის ხარისხისადმი ურყევი ერთგულება, მერკურის ყველა სასტუმროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომსახურების თანმიმდევრულ და საიმედო სტანდარტს უზრუნველყოფს. თითოეული სასტუმროს დიზაინი მისი მდებარეობის განსხვავებულ ხასიათსა და კულტურას გადმოსცემს. საქმიანი მოგზაურებისა და დამსვენებლებისთვის სტანდარტული მომსახურების შეთავაზების მიღმა, მერკურის გუნდის წევრები ცნობილები არიან საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, ენთუზიაზმითა და კეთილგანწყობით. აზიარებენ ცოდნას ადგილობრივი გარემოს შესახებ, სტუმრებს სასარგებლო რჩევებს აძლევენ და მათ ადგილობრივ კულტურას აცნობენ, ისტორიისა და ფოლკლორის გაზიარების გზით. მერკურის სასტუმროები, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ზღვის პირას ან მთებში მოსახერხებელი მდებარეობით გამოირჩევა. დღეისათვის ბრენდს 940-ზე მეტი სასტუმრო აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში. მერკური Accor-ის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფია. კომპანია მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში 5400-ზე მეტ საკუთრებას. აქვს ლოიალობის საკუთარი ლაიფსტაილ პროგრამა ALL- Accor Live Limitless, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან შეთავაზებებზე, სერვისებსა და გამოცდილებაზე აძლევს წვდომას.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები