26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა".
კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გახსნის და მასში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს. საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობის საკითხები და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
უახლესი