დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორს შევარჩევთ და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ - ლევან დავითაშვილი

2024 წელს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორს შევარჩევთ და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ - ლევან დავითაშვილი

03-04-2024 18:40:00

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია იმ რეალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა, რაც საქართველოს რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. ამ კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი იძენს, რომელიც გეგმის მიხედვით ვითარდება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი ინფორმაციით, 2024 წელს შეირჩევა ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი, ასევე დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - საერთაშორისო ტენდერი საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად უკვე გამოცხადებულია.

„სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით - სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მან ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს და საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ავიაციის სექტორში. კერძოდ, მისი თქმით, 2024 წელს იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელსვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამასთან, ქუთაისშივე აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაერო-სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით. გარდა ამისა, 2024 წელს შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, გრძელდება შიდა ფრენების სტიმულირება, ასევე შიდა აეროპორტების მშენებლობა - განვითარება. კერძოდ, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობის დაწყება და სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობის დაწყება.

„2023 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. საქართველოს აეროპორტები ჯამურად 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ამასთან, გასულ წელს რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. 2023 წელს, 6%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც. დაგეგმილი აქტივობების კვალდაკვალ მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურება რეკორდული რაოდენობის - 7 მილიონამდე მგზავრის, რაც 14%-იანი ზრდაა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ფუნქციის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები