2023 წლის I ნახევარში, ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა - 582,500 ვიზიტორი, რაც 2019 წლის I ნახევართან შედარებით 16.6%-ით მეტია. ამის შესახებ PMC-ის ტურიზმის სექტორის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
თურქეთს მოჰყვა რუსეთი 577,600 ვიზიტით, რაც 16.5%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს.
10 უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს შორის, ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა ბელორუსიდან (2019 წლის I ნახევრის შესაბამის მაჩვენებელზე 127.0%-ით მეტი), ყაზახეთიდან (73.6%) და ისრაელიდან (38.1%).
მეორე მხრივ, აღდგენა ყველაზე დაბალი იყო აზერბაიჯანში (პანდემიამდელი მაჩვენებლის 13.5%), სომხეთსა (74.8%) და ირანში (83.0%).
რეგიონული პერსპექტივით, 2023 წლის I ნახევარში ევროპიდან მომავალი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა პანდემიამდელ მაჩვენებელს (-23.3%), ხოლო ყველა სხვა რეგიონიდან ვიზიტების რაოდენობამ მიაღწია ან გადააჭარბა პანდემიამდელ რიცხვს.
„ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ საქართველო აღიქმება ნაკლებად უსაფრთხო და მიმზიდველ ტურისტული დანიშნულების ადგილად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და რუსეთიდან შემოსული მიგრანტების მნიშვნელოვანი ნაკადის გამო“, - ნათქვამია PMC-ის ტურიზმის სექტორის თვის მიმოხილვაში.
უახლესი