2021 წელს ჯანდაცვაში ყველზე მეტი თანხა მთავრობამ ჩადო.
როგორც Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2021 წელს ჯანდაცვის სისტემის შემოსავლებში მთავრობის წილი 48%-ს შეადგენდა. მთავრობის მიერ გადახდილი თანხებიდან 31%-ით საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულება დაფინანსდა, ხოლო 44%-ით covid-19-თან ბრძოლის სამუშაოები. 26%-ი კი სხვადასხვა მიმართულებაზე მოდის.
ირკვევა, რომ 2021 წელს ჯანდაცვის სისტემის შემოსავლების 44%-ი პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხებია. სისტემის შემოსავლებში 4%-ი აქვს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეულ ხარჯებს, ხოლო 4%-ი უცხოურ დახმარებაზე მოდის.
2021 წლის სტატისტიკით სექტორში ჯანდაცვის მიმწოდებლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 269 - სტაციონარი, 2272 - ამბულატორიული დაწესებულება, 79- სასწრაფო დახმარების სადგური, 22 - სისხლის გადასხმის სადგური, 61 - ეპიდემიოლოგიური ცენტრი და 23 - სხვა.
როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, საქართველოში ჯანდაცვაზე დანახარჯების სწრაფი ზრდა 2013 წლიდან სახელმწიფო დაფინანსების ზრდამ განაპირობა.
„სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვაზე 2014-22 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა. იმავე წლებში, მთავრობის დაფინანსების ზრდამ და კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარებამ ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში 15 პროცენტული პუნქტით 56%-მდე შეამცირა, რაც კვლავ მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის (16%) და შესადარისი ქვეყნების (38%) საშუალოსთან შედარებით. ჯიბიდან გადახდების მაღალ დონეს საქართველოში, ძირითადად, მედიკამენტებზე დანახარჯები განაპირობებს. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის მიხედვით, 2030 წლისთვის, მთავრობა ჯიბიდან გადახდების წილის 30%-მდე შემცირებას გეგმავს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
უახლესი