დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებს

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებს

20-03-2023 16:31:18

ფარმაცევტული კომპანიები რეგულირების სააგენტოსთვის მედიკამენტების ბაზის გახსნის გადავადებას ითხოვენ, თუმცა, არავითარი გადავადება არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილის განცახებით, პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე. „სამწუხაროდ, აფთიაქების ნაწილი მზად არ არის და კიდევ ორ და სამთვიან გადავადებას ითხოვენ. არავითარი გადავადება არ იქნება. ყველანაირი ვადა გასულია, ჩვენი IT-სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ რეინტეგრაცია მოეხდინა მათი, თუმცა ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას და არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში. მოგვიწევს დაჯარიმებები", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. 

მისივე თქმით, პირველ შემთხევაში ფარმაცევტულ კომპანიებს გააფრთხილებენ, შემდეგ კი გათვალისწინებულია ჯარიმები. 

„15 მარტიდან ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნას რეგულირების სააგენტოსთვის, ასევე ყველა ტრანზაქციას, რაც მედიკამენტებთან არის კავშირში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბაზარი გამჭვირვალე უნდა იყოს. ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნა დასამალი არ უნდა იყოს და რეფერენტული ფასების ფარგლებში უნდა ხდებოდეს გაყიდვა.

სხვადასხვა მექანიზმებით, რაც გვაქვს ჩადებული, მოვახდენთ გაკონტროლებას. დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც საშეღავათო პერიოდის ყველანაირი გონივრული ვადა ამოწურულია და უკვე საკმაოდ მკაცრად დავიწყებთ ამის გაკონტროლებას. პირველ შემთხვევაზე ისევ არის ჩანაწერი კანონში და შეიძლება გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, ხოლო შემდეგ შემთხვევებზე უკვე საკმაოდ დიდი თანხებით დაჯარიმდებიან - 5 000-დან 35 ათას ლარამდეა ჯარიმა“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები