დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვესტორებს ბიზნესგარემოზე კითხვები გაუჩნდათ - დავით ცირდავა

ინვესტორებს ბიზნესგარემოზე კითხვები გაუჩნდათ - დავით ცირდავა

10-03-2023 19:01:22

ინვესტორებს საქართველოს ბიზნესგარემოზე კითხვები გაუჩნდათ, - ამის შესახებ Busieness Insider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა

„თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა ინვესტორებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, თუმცა, ის რომ ინვესტირების მხრივ მიმდინარე პროცესი შეფერხდეს, საკითხი ასე არ დგას.

მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული კითხვები გაუჩინა ჩვენი ბიზნესპალატის წევრებს. აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წევრები არ წარმოადგენენ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესსექტორს. შედგა კავშირი ინვესტორებთან და გარკვეული განმარტებების გაკეთება მოგვიწია.

ინვესტორებს ავუხსენით რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საგულისხმოა, რომ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ოფისი არის თბილისში. ჩვენ ვიცით როგორც აზიის, ისე ევროპის ენა. საქართველო ამ კუთხით ყოველთვის კარგად იყო წარმოჩენილი და ამ  ორ მხარეს შორის მოკავშირის ფუნქციასაც ასრულებდა“, - ამბობს ცირდავა.

ამასთან, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ინვესტორებს ქუვეიტიდან და კატარიდან ამ ვითარებაში ქართული ბიზნესის დუმილი უკვირთ.

„გვქონდა ორი დიალოგი, ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით და როცა ახალგაზრდები იბრძვიან, ხოლო ბიზნესი ხმას არ იღებს შეფასების ნაწილში, ეს მათთვის ცოტა უჩვეულო იყო.

ჩვენი ბიზნესპალატა თბილისში მიმდინარე მომვლენებს აფასებს როგორც დემოკრატიულ პროცესს. ამ ვითარებაში გამოიკვეთა, რომ საქართველოს გულშემატკივარია კატარი და ქუვეიტი. ამ ქვეყნების ინვესტორებისგან განსაკუთრებით უფრო მწვავედ იყო კითხვები დასმული“, - ამბობს ცირდავა.

ორ დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 

10 მარტს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

9 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები