ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებით, საქართველო უკვე საკმაოდ დიდი ხანია ემზადება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის. მისი გახსნის ექვსჯერ გადავადების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ელექტროენერგიის გარდამავალი მოდელი. გარდამავალი მოდელის სამი ვარიანტი განიხილებოდა, საბოლოოდ ესკოს მიერ შეთავაზებულ მოდელი შეირჩა.
რას გვთავაზობს თქვენი მოდელი, რა სიახლეები ელით ენერგეტიკულ სექტორში მოღვაწე და სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ სუბიექტებს, ხომ არ იქნება მათთვის ეს ეტაპი ახალი ვალდებულებების ათვისებისა და შესრულების მხრივ გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული?
მოგესალმებით. სამთავრობო პროგრამით, 2024 წლის 1-ელ ივლისს დაიგეგმა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი , სხვა შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა და მუშაობს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის საბოლოო სქემის მოსამზადებლად.
ბირჟის სამიზნე მოდელის იმპლემენტაცია რამდენიმეჯერ გადავადდა. ჩვენ გავიარეთ სატესტო, სიმულაციურ რეჟიმში ვაჭრობის პერიოდი და მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე, 1-ელი ივლისიდან პრაქტიკულად ამუშავდება ბაზრის პირველი, გარდამავალი მოდელი. ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვაჭრობის სქემის უეცარი ცვლილებით, შეიძლება ადგილი ჰქონოდა გარკვეული ტიპის შეფერხებებს, ხარვეზებს, იქმნებოდა მეტ-ნაკლებად სტრესული ვითარება. სწორედ ამიტომ შეირჩა ჩვენს მიერ შეთავაზებული გარდამავალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ კომპანიებს, ალღო აუღონ ვაჭრობის ახალ სქემას, რომელიც თავის მხრივ დროში გამოიცდება და საბოლოო, სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე უმტკივნეულოდ, სირთულეების გარეშე მიგვიყვანს. გარდამავალი მოდელი გულისხმობს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ნებაყოფლობით ვაჭრობას. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მომხმარებლებს ფაქტობრივად არაფერი ეცვლებათ, არავითარი ახალი ვალდებულება არ ეკისრებათ, შეუძლიათ ჩვეულ რეჟიმში ივაჭრონ ესკოსთან, ხოლო გარდამავალი მოდელის სქემით გახსნილი ბირჟა ახალი, ასე ვთქვათ, საცდელი პლათფორმაა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ელექტროენერგია უფრო ნაკლებ ფასად მოიძიონ და ამავე დროს, გამოუმუშავებს ბირჟაზე ვაჭრობის პრაქტიკას.
როგორ ფიქრობთ, გარდამავალი მოდელის ერთწლიანი ვადა საკმარისი იქნება საბოლოო, სამიზნე მოდელზე გადასასვლელად?
საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მუდმივად ვითარდება და სამომავლოდ, არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრისთვის, არამედ პრაქტიკული აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო იქნება რომ საქართველოში არსებობდეს გამართული, დახვეწილი სტრუქტურა, მოქნილი სავაჭრო პლატფორმა, როგორიცაა ენერგეტიკული ბირჟა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ევროპის არაერთ ქვეყანაში ბირჟის ამოქმედებას 10-12 წელიც კი დასჭირდა. ეტაპობრივი სვლა სამიზნე მოდელისკენ სწორი გადაწყვეტილებაა. ნებაყოფლობითი ვაჭრობა ბევრი მოულოდნელობისგან დაგვაზღვევს. მოხდება თანდათანობითი ადაპტაცია. ვნახავთ ვინ გახდება ბაზრის აქტიური მოთამაშე, ვინ როგორ ჩაერთვება ამ პროცესში. შეექმნება თუ არა ვინმეს სირთულე, ან პირიქით, რამდენად კომფორტული იქნება კომპანიებისთვის ბირჟაზე ვაჭრობა. გარდამავალ მოდელში მონაწილეობას არ ღებულობენ დიდი, მარეგულირებელი ჰესები, იმპორტირებული ენერგია. სხვა გენერაციის ობიექტებისა და მსხვილი მომხმარებლების ნებაყოფლობითი ჩართულობა კი ამ საეტაპო საფეხურზე ბევრ რამეს გვიჩვენებს. ჩვენ უკვე სამი წელია გვაქვს ბირჟაზე ვაჭრობის სიმულაციური პრაქტიკა. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გახსნილი ბაზრის გარდამავალი მოდელი ფაქტიურად ამ პრაქტიკის მე-4 წელი იქნება, უკვე არა სიმულაციურ რეჟიმში, არამედ რეალურად. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით და შევისწავლით ამ პროცესს.
კერძო სექტორი დადებითად შეხვდა გარდამავალ ეტაპზე ბირჟაზე ნებაყოფლობითი ვაჭრობის გადაწყვეტილებას. ბაზრის გახსნამდე რამდენიმე დღე დარჩა, კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ, პრაქტიკულად რას მოიცავს გარდამავალი მოდელი და რა მოლოდინი აქვს ელექტროენერგეტიკულ სექტორს 2024 წლის პირველი ივლისიდან?
კერძო სექტორისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლე იყო , რომ ამ ეტაპზე ბირჟაზე სავალდებულო ვაჭრობის კომპონენტი მოიხსნა და ბაზრის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ არსებული მოდელით საქმიანობა და პარალელურად, სურვილის შემთხვევაში ივაჭრონ ბირჟაზე გარკვეული მოცულობებით. ეს გადაწყვეტილება სრულად ბაზრის მონაწილეების მხარესაა გადასული და შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე.
მეტიც, არსებულ მოდელში ნაწილობრივ ვზღუდავთ ბირჟაზე მონაწილეობას მაგალითად, გარანტირებული სიმძლავრეებისთვის, ჰესებისთვის, რომელთაც ტარიფი სემეკის მიერ აქვთ დამტკიცებული, იმპორტისთვის, ექსპორტისთვის და ა.შ. რათა ამ ეტაპზე თავიდან ავირიდოთ ისეთი შესაძლო შედეგები, რომელიც ბაზრის მონაწილეების ინტერესებს არ ემთხვევა.
ბირჟაზე ვაჭრობა შეეძლებათ PPA სადგურებს თავისუფალ პერიოდში, დერეგულირებულ სადგურებს, პირდაპირ მომხმარებლებს, უნივერსალურ და საჯარო მიმწოდებლებს. ქსელის ოპერატორებს ასევე შეეძლებათ ბირჟაზე დანაკარგების შეძენა.
არსებული მოდელი მოგვცემს საშუალებას დავაკვირდეთ ბირჟის ფუნქციონირებას და მონაწილეთა აქტივობას. ვნახოთ, როგორ მოქმედებს ბაზარზე, ასეთ პირობებში, ესა თუ ის სუბიექტი და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, მოქმედ მოდელში ცვლილებები, გაუმჯობესება და წარმატებული სვლა სამიზნე მოდელისკენ.
უახლესი