დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
InteliExpress-ი თითოეულ ბაზარს და სამიზნე აუდიტორიას ინდივიდუალურად უდგება -  კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გეგმებსა და სიახლეებზე

InteliExpress-ი თითოეულ ბაზარს და სამიზნე აუდიტორიას ინდივიდუალურად უდგება -  კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გეგმებსა და სიახლეებზე

05-03-2025 16:00:00

სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა InteliExpress-ი 2006 წელს საქართველოში დაარსდა, რომელიც დღეისათვის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირშია ლიცენზირებული. InteliExpress-სთვის ევროკავშირის ლიცენზია ვალდებულებაა ევროპული ხარისხისა და ინოვაციის მიმართ.

InteliExpress-ი წლიდან წლამდე ფართოვდება და იზრდება. როგორი მუშაობს პირველი ქართული ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა და რა გეგმები აქვს კომპანიას, დეტალებზე Business Insider Georgia-ს InteliExpress-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თავართქილაძე ესაუბრა.

- როგორია InteliExpress-ის საშუალებით ფულადი გზავნილების სტატისტიკის მაჩვენებელი და ზოგადად წლიდან წლამდე რამდენად იზრდება როგორც გატარებული თანხების მოცულობა, ისე კომპანიისადმი ნდობა?

- InteliExpress-ის ფულადი გზავნილების სტატისტიკა მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს გლობალურ ბაზარზე. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, სისტემის მეშვეობით გადარიცხული თანხების მოცულობა 18%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს შთამბეჭდავი ზრდა მიუთითებს, როგორც კომპანიის მიმართ მზარდ ნდობაზე, ასევე მის წარმატებულ ექსპანსიაზე საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიისადმი ნდობის ზრდა დასტურდება ერთგული და ახალი მომხმარებლების რაოდენობის სტაბილური მატებით - ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი იყენებს მის სერვისებს. მომხმარებელთა ნდობას განაპირობებს კომპანიის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება, ქართული და საერთაშორისო ლიცენზიების ფლობა, და 200-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი.

სტატისტიკის ზრდას ხელს უწყობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

1. კონკრეტულ ბაზრებზე კომპანიის საბაზრო წილის ზრდა

2. ახალი სერვისების დანერგვა

3. ადგილობრივ ბაზრებზე და მომხმარებლებზე მორგებული სერვისები

4. ახალი მიმართულებების დამატება (ამჟამად ფარავს 50+ ქვეყანას)

5. გლობალური ქსელის გაფართოება 500 000-ზე მეტი გაგზავნა-განაღდების წერტილით

ყველაზე აქტიური საერთაშორისო მიმართულებები მოიცავს როგორც დასავლეთ ევროპიდან (საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი) დსთ-ს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისკენ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, უზბეკეთი) გზავნილებს, ასევე ევროპიდან აზიის ქვეყნებისკენ (თურქეთი, ისრაელი, ფილიპინები, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ინდონეზია, ნეპალი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ვიეტნამი) მიმართულ ფულად ნაკადებს.

- საქართველოს ბაზარი, რომ განვიხილოთ InteliExpress-ის მაგალითზე, რომელია ტოპ-3 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა ირიცხება და ასევე, რომელი ქვეყნებიდან ირიცხება თქვენი გავლით ყველაზე მეტი თანხა? 2024 წლის მაგალითზე, რომელი ბაზრებიდან დაინახეთ უფრო ზრდა?

- საქართველოს ბაზრის ანალიზისას, InteliExpress-ის მაგალითზე, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა ირიცხება InteliExpress-ის გავლით:

1. საბერძნეთი,

2. უკრაინა,

3. თურქეთი,

4. სომხეთი,

5. ისრაელი.

საბერძნეთი - InteliExpress-ის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სადაც კომპანიას საკუთარი ფილიალები და აგენტების ფართო ქსელი აქვს.

უკრაინა - ასევე საკვანძო მიმართულებაა, სადაც InteliExpress რეგისტრირებულია უკრაინის ცენტრალურ ბანკში და 2024 წელს განახლებული ლიცენზია მიიღო. კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს "მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის" სტატუსი. ამ მიმართულებით InteliExpress-ი მომხმარებლებს სთავაზობს ფულად გზავნილებს, საბანკო გადარიცხვებს და ბარათზე ჩარიცხვებს. თანამშრომლობს ქვეყნის უმსხვილეს წამყვან ბანკთან.

თურქეთი - ამ ქვეყანაში InteliExpress-ს სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს ადგილობრივ ფინანსურ ორგანიზაციებთან, სრული დაფარვასთან ერთად საკუთარი ფილიალი აქვს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ფულად გზავნილებს, ისე საბანკო ანგარიშზე გადარიცხვებს.

ქვეყნები, საიდანაც InteliExpress-ის გავლით ყველაზე მეტი თანხა ირიცხება საქართველოში:

1. საბერძნეთი,

2. იტალია,

3. ისრაელი,

4. თურქეთი,

5. კვიპროსი.

ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში InteliExpress-ს აქვს, როგორც საკუთარი ფილიალები, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ფინანსურ ორგანიზაციებთან და მაღალი ცნობადობით სარგებლობს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე, სომხეთის მიმართულება სადაც, InteliExpress-ი თანამშრომლობს ყველა წამყვან ბანკთან და სომხურ ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემაა ადგილობრივ ბაზარზე.

- კომპანია საქართველოში რამდენი ფილიალითაა წარმოდგენილი და როგორია ფიზიკური ფილიალების გაფართოების უახლოესი 2 წლის სტრატეგია?

- ამჟამად InteliExpress-ი საქართველოში 22 საკუთარი ფილიალით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, კომპანიის სერვისები ხელმისაწვდომია:

● InexPay-ს ელექტრონულ საფულეში

● საქართველოს ადგილობრივი ბანკების ქსელში

● სხვა ფინანსური დაწესებულებების ლოკაციებში

კომპანიის ძირითადი ფოკუსი ამ ეტაპზე მიმართულია დიჯითალ არხების გაძლიერებაზე. ამ მიზნით:

● მჭიდროდ თანამშრომლობს InexPay-სთან

● მიზნად ისახავს ციფრულ არხებში შემდეგი სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას: ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა, საბანკო გადარიცხვები, ვალუტის კონვერტაციები და გადახდები.

ეს სტრატეგია უზრუნველყოფს როგორც ციფრული, ისე ფიზიკური არხების ეფექტურ კომბინაციას მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

- ასევე საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში ფლობთ ფილიალებს და გაფართოების გეგმები როგორი გაქვთ?

- InteliExpress-ი საქართველოს გარდა საკუთარი ფილიალების ქსელს ფლობს შემდეგ ქვეყნებში:

● საბერძნეთი - 7 ფილიალი

● კვიპროსი - 5 ფილიალი

● დიდი ბრიტანეთი - 3 ფილიალი

● იტალია - 2 ფილიალი

● თურქეთი - 1 ფილიალი

კომპანიას აქვს შემდეგი ლიცენზიები და უფლებამოსილებები, რაც საშუალებას აძლევს აწარმოოს საერთაშორისო ოპერაციები:

● ევროკავშირის ლიცენზია, რომლის ფარგლებშიც შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ფილიალები ევროპის ტერიტორიაზე. ეს ევროპული მაღალი რანგის ლიცენზიაა, რომელიც InteliExpress-ს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს.

● კომპანია SEPA-ს (ერთიანი ევროპული საგადახდო სივრცე) პირდაპირი წევრია, რაც საშუალებას აძლევს განახორციელოს სწრაფი და ეფექტური ტრანზაქციები მთელი ევროკავშირის მასშტაბით. ამასთანავე, კომპანია უფლებამოსილია შესთავაზოს სრული სპექტრის ფინანსური მომსახურება ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებს, მათ შორის ისეთი კომპლექსური პროდუქტები, რომლებიც მხოლოდ ევროპული რეგულაციებით ლიცენზირებული ინსტიტუტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ InteliExpress-ი ასევე არის MasterCard-ის პირდაპირი წევრი, რაც მას საგადახდო ბარათების გაცემისა და საგადახდო ინფრასტრუქტურის მართვის საშუალებას აძლევს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

● ასევე, კომპანია საბერძნეთში ხსნის ევროპულ IBAN ანგარიშებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ ისარგებლონ სრულფასოვანი ევროპული საბანკო ანგარიშით, მთელი ევროკავშირის მასშტაბით სწრაფი და უსაფრთხო ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

● სპეციალური ლიცენზიები შემდეგი ქვეყნების ცენტრალური ბანკებიდან, რომლებიც რეგულირდება ეროვნული ბანკების მიერ და უზრუნველყოფს ჩვენი სისტემის გამჭვირვალობას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას: უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა, ფილიპინები, ინდონეზია, ბანგლადეში, ნეპალი, პაკისტანი და შრი-ლანკა.

გარდა საკუთარი ფილიალებისა, InteliExpress-ი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას აძლევს მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს უფრო ფართო მომხმარებლებისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ InteliExpress-ი აქტიურად გადადის კლასიკური ფულადი გზავნილების ბიზნეს-მოდელიდან უშუალოდ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის სქემაზე, რაც თანამედროვე ციფრული ეკონომიკის მოთხოვნებს შეესაბამება. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებში მეტ მოქნილობას და ციფრულ ინტეგრაციას ითხოვენ. დღეისათვის ბევრ ქვეყანაში, ვახორციელებთ სწორედ ამ ტიპის სერვისს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობას და ხილვადობას.

სამომავლო გეგმებში კომპანია აგრძელებს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის სერვისის დანერგვას კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო გააფართოებს მომხმარებელთა წვდომას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე და გააძლიერებს InteliExpress-ის პოზიციას საერთაშორისო ფულადი გზავნილების ბაზარზე.

- კომპანია მთლიანობაში (გზავნილებით) რამდენი ვალუტას ემსახურება?

- InteliExpress-ი მრავალფეროვან სავალუტო სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს. ძირითადი ვალუტებია ლარი, დოლარი, ევრო და ბრიტანული ფუნტი, რაც ლოგიკურია იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც კომპანიას საკუთარი ფილიალები აქვს.

თუმცა, რადგან გზავნილები იგზავნება 50-ზე მეტ ქვეყანაში, InteliExpress-ი ჯამში დაახლოებით 50-მდე საერთაშორისო ვალუტას ემსახურება. კომპანიის უპირატესობაა საუკეთესო და კონკურენტული სავალუტო კურსების შეთავაზება, რაც მომხმარებლის არჩევანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ InteliExpress-ი რეგისტრირებულია Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე და პირდაპირ ვაჭრობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ბაზრებზე, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას შუამავლების გარეშე განახორციელოს სავალუტო ოპერაციები და შესაბამისად, მომხმარებლებს შესთავაზოს მომგებიანი გაცვლითი კურსები.

საინტერესო მაგალითია ფილიპინური მიმართულება, სადაც კომპანია ფილიპინურ პესოთი ემსახურება მომხმარებლებს და ქვეყანაში 15,000-ზე მეტი განაღდების წერტილის ქსელს ფლობს. ამ მიმართულებით მომსახურებით სარგებლობენ ათასობით ფილიპინელი ემიგრანტი სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. შთამბეჭდავია, რომ საბერძნეთიდან ფილიპინებში გაგზავნილი გზავნილების 35% სწორედ InteliExpress-ის მეშვეობით ხორციელდება.

ფილიპინებში, გარდა სწრაფი ფულადი გზავნილებისა, InteliExpress-ი გვთავაზობს დამატებით სერვისებს: საბანკო ჩარიცხვებს, კომუნალურ გადახდებს და სხვადასხვა ადგილობრივ მომსახურებას.

- თქვენი მომხმარებლების მხრიდან გზავნილების განაღდების რა პროცენტი მოდის ინტერნეტ ბანკინგზე, და ზოგადად ეს მიმართულება რამდენად გაიზარდა ბოლო წლებში?

- InteliExpress-ი აქტიურად ავითარებს ციფრულ სერვისებს, მაგრამ მისი ონლაინ მიმართულება შედარებით ახალია. კომპანიის ონლაინ სერვისები ხელმისაწვდომია, როგორც მობილურ (Android/IOS), ასევე ვებ-აპლიკაციაში.

ციფრულმა პლატფორმამ ფუნქციონირება მხოლოდ 2024 წლის ბოლოს დაიწყო, ამიტომ გრძელვადიანი სტატისტიკა ჯერ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა მოკლე დროა ფუნქციონირებს, მომხმარებლების მხრიდან უკვე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა და რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

InexPay-ს მარტივი ფინანსური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ:

● ფულადი გზავნილების გაგზავნა და განაღდება

● საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ევროპის ქვეყნებსა და აზიაში

● ვალუტის კონვერტაცია საუკეთესო კურსით

კომპანია 2025 წელს მნიშვნელოვან ზრდას ელოდება ამ მიმართულებით, რაც მიუთითებს, რომ InteliExpress-ი დიჯიტალიზაციას პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს.

- რა უპირატესობები გააჩნია InteliExpress-ის საშუალებით გზავნილების გაკეთება და რა მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტულ უპირატესობად? ქართულ ბრენდს რამდენად უჭირს, ან პირიქით გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გაწევა ბზარის მსხვილ და საკმაოდ ცნობილ მოთამაშეებთან?

- InteliExpress-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვს გლობალურ ბაზარზე:

- მთავარი უპირატესობა სერვისების მრავალფეროვნებასა და მომხმარებელზე მორგებულ მიდგომაშია. InteliExpress-ი თითოეულ ბაზარს და სამიზნე აუდიტორიას ინდივიდუალურად უდგება და კონკრეტული ჯგუფის მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ეს არის მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა, რადგან როგორც კომპანია აღნიშნავს, "მსგავსი ფუფუნება არ აქვთ ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს."

კონკრეტული ჯგუფებისთვის მორგებული სპეციალური შეთავაზებების მაგალითები:

1. ქართველი ემიგრანტებისთვის - სტანდარტულ ფულადი გზავნილების სერვისთან ერთად ხელმისაწვდომია:

○ საკრედიტო პროდუქტები

○ იპოთეკური სესხები

○ ოვერდრაფტები

○ საკრედიტო MasterCard ბარათები

2. საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის - განსაკუთრებით საინტერესოა SEPA გადარიცხვები:

○ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ყველაზე სწრაფი სერვისი

○ ტარიფი იწყება 4 ევროდან

○ თანხის ასახვა 1 სამუშაო დღეში

○ დამატებითი საკომისიოების გარეშე

○ სერვისი ხელმისაწვდომია ევროკავშირში მიღებული ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის (API) ლიცენზიის ფარგლებში

3. უზბეკეთში გადარიცხვების მსურველებისთვის:

○ საბანკო HUMO და UZCARD ბარათებზე მომენტალური გადარიცხვები

○ უნიკალური სერვისია, რადგან ეს ბარათები ადგილობრივი მოსახლეობის 99%-ს აქვს და მსგავსი სერვისის შეთავაზება არცერთ კონკურენტს თუ პარტნიორს არ შეუძლია

ეს სპეციალიზებული სერვისები კომპანიას საშუალებას აძლევს წარმატებით გაუწიოს კონკურენცია გლობალურ ბაზარზე უფრო მსხვილ და ცნობილ მოთამაშეებს, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინება თავიანთ შეთავაზებებში.

- ევროკავშირის ლიცენზიის მოპოვებისთვის რა გზა გაიარა კომპანიამ და რა სტანდარტების/სერვისების გადმოტანას აპირებთ ამ დიდი ბაზრიდან საქართველოს რეალობაში?

- InteliExpress-ის ევროკავშირის ლიცენზიის მოპოვება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კომპანიის განვითარებაში, არამედ ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი, რომელიც 2007 წელს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემით დაგვირგვინდა. ეს წარმატება მოითხოვდა უამრავი რეგულაციის დაკმაყოფილებას, მკაცრი შესაბამისობისა და ფინანსური სტაბილურობის სტანდარტების დამტკიცებას და ევროკავშირის საფინანსო სექტორის სრულ გამჭვირვალობას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ლიცენზიის წყალობით უკვე შევძელით ევროპული დონის სერვისების დანერგვა საქართველოში, მათ შორის SEPA გადარიცხვების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ევროპის საბანკო ანგარიშებზე სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ევროკავშირის ლიცენზია ვალდებულებაა ევროპული ხარისხისა და ინოვაციის მიმართ. დღეს ჩვენი პრიორიტეტია ქართველ მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება შესაძლებელია საქართველოშიც და ამით არა მხოლოდ ვაძლიერებთ ქართველების ფინანსურ შესაძლებლობებს, არამედ ვქმნით პრეცედენტს ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

- როგორია ფულადი გზავნილების სეგმენტში დღეს AI-ს მოცვა და მის როლი

- მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი რევოლუციას ახდენს მრავალ ინდუსტრიაში, ფულადი გზავნილების სფეროში მისი ინტეგრაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა დეპარტამენტები უკვე იყენებენ AI ტექნოლოგიებს ყოველდღიურ საქმიანობაში ანალიტიკის, მომხმარებელთა ქცევის პროგნოზირებისა და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ასევე კომპანიაში მიმდინარეობს AI-ს დანერგვა ფულის გათეთრებისა წინააღმდეგ ბრძოლაში.

- რა სიახლეები გაქვთ გლობალური ექსპანსიის კუთხით და როგორ ფართოვდება თქვენი სერვისების არეალი?

- 2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დავიწყეთ! განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი მიმართულებები, რომლებიც ჩვენს სერვისს კიდევ უფრო გლობალურს ხდის: ჩინეთი, კანადა და მე-2 კვარტალში უკვე აშშ-ც დაგვემატება , ასევე გავაფართოვეთ სერვისი მოლდოვაში.

ჩინეთი, როგორც უდიდესი ბაზარი, წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს გზავნილების კუთხით. InteliExpress-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია AliPay, WeChat და UnionPay-ს ბარათებზე ჩარიცხვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბერძნეთიდან, საქართველოდან და კვიპროსიდან გზავნილებისთვის.

კანადასთან მიმართებაში დავიწყეთ საბანკო გადარიცხვების სერვისი, რომელიც მოიცავს ჩარიცხვას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე. ეს სერვისი ხელმისაწვდომია ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც InteliExpress-ის გამოგზავნის სერვისი ფუნქციონირებს.

მოლდოვაში მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, წელს გზავნილების გარდა დავიწყეთ საბანკო გადარიცხვებიც, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ინგლისიდან გზავნილებისთვის.

ასევე, ვიეტნამიც შეემატა ჩვენს ქსელს, სადაც განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას ველოდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები