ინგლისის ბანკმა (BOE) წელს პირველად საპროცენტო განაკვეთი შეამცირა, რაც მონეტარული შერბილების გაგრძელების სიგნალს იძლევა, განსაკუთრებით 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია, ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 4.5%-მდე შეამცირა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (MPC) ცხრა წევრიდან შვიდმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ორი წევრი უფრო აგრესიული შემცირების (50 საბაზისო პუნქტის) მომხრე იყო. გუბერნატორმა ენდრიუ ბეილიმ აღნიშნა, რომ BOE წელს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ შერბილებას ელოდება, თუ ეკონომიკური პირობები პროგნოზთან შესაბამისობაში იქნება. ამასთან, ბანკმა 2025 წლის ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა —1.5%-დან 0.75%-მდე, რაც ეკონომიკური ინერციის შენელებისა და ინფლაციისა და შრომის ბაზრის გაურკვევლობების ფონზე მიღებული გადაწყვეტილებაა
„ინგლისის ცენტრალური ბანკის ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას, რაც მას სხვა ცენტრალურ ბანკებთან აერთიანებს, რომლებიც ბოლო წლების გამკაცრების შემდეგ პოლიტიკის შერბილების ფაზაზე გადადიან. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ინფლაციის შემცირების კუთხით ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ვინაიდან გარე შოკები შემცირდა." თუმცა, ცენტრალური ბანკი ფრთხილ და ეტაპობრივ მიდგომას უჭერს მხარს, რათა მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი კონტროლს არ გასცდეს“, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
უახლესი
2 საათის წინ
Inex Group-მა ესპანეთის მიმართულება დაამატა