„British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ტურიზმის და საავიაციო სექტორების გაძლიერებისკენ. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ პირდაპირი ფრენებიდან გამომდინარე, საქართველოს ცნობადობა გაიზრდება დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, მისი ცნობადობა, რომ პირდაპირი ავიარეისებით ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს დიდი ბრიტანეთიდან" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქართულ დელეგაციასთან ერთად ლონდონში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ ავიაკომპანია British Airways-სს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის შეთანხმება გაფორმდა ლონდონსა და თბილისს შორის, კვირაში ოთხი სიხშირით, პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ და British Airways-ის დაგეგმვისა და სტრატეგიის უფროსმა ოფიცერმა ნეილ ჩერნოფმა. ხელმოწერას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.
„ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ჩვენი კერძო სექტორისთვის, რადგან ისინი, აქტიურად, ჩვენთან ერთად დაიწყებენ საქართველოს პოპულარიზაციას და დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების მასპინძლობას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბრიტიშ ეარვეისის" შემოსვლით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა არამხოლოდ დიდ ბრიტანეთთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც.
„ავიაკომპანიას აქვს ე.წ. „ზიარი კოდი" „ამერიკან ეარლაინსთან" - ის იმას ნიშნავს, რომ „ბრიტიშ ეარვეისის" მიერ დაგეგმილი ფრენების განრიგი მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთესი ტრანზიტული კავშირით იმოგზაურონ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ბრიტანეთის გავლით" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.
ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.
British Airways-ი მსოფლიოს 190 მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.
ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
უახლესი
8 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO8 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში