ჩვენ იმდენად წარმოების მოცულობით ზრდით არ ვართ დაკავებული, რამდენადაც ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე და ასევე ახალი კონცეფციის ღვინოებზე ვართ ორიენტირებული, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, კომპანია „თბილღვინომ“ მიმდინარე წელს გადამუშავებული ყურძნის ნახევარი საკუთარი ვენახებიდან მიიღო.
„ჩვენ 2013 წლიდან საკუთარი ვენახების გაშენებით ვართ დაკავებულები. წელს პრაქტიკულად საუკეთესო მოსავალი მივიღეთ და ამაში კლიმატურმა პირობებმაც ხელი შეგვიწყო. დაახლოებით 600 ათას ტონამდე ყურძენი გადავამუშავეთ, აქედან დაახლოებით ნახევარი იყო ჩვენი ვენახებიდან.
ჩვენს შემთხვევაში ვენახების გაშენებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა საკუთარი ვენახების ქონას, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ხარისხს, იმიტომ, რომ ჩვენ გაქვს კონკრეტული მიზნები. ღვინის ხარისხის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული თავად ვენახის ხარისხზე და იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველყოფილი ვიყოთ მაღალი ხარისხის ნედლეულით ანუ ყურძნით ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.
საკუთარი ვენახები დაახლოებით 403 ჰა-ზე გაქვს, ძირითადად წვეთოვანი ირიგაციით, სერტიფიცირებული ნერგით. მომავალ წელს ამ მიმართულებით გაფართოებას არ ვაპირებთ, რადგანაც რაც გვაქვს საკმაოდ დიდი ფართობია, საუბარია კახეთში 6 ფართობზე და შესაბამისად ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ არა რაოდენობას გავეკიდოთ ვენახების, არამედ ამ ვენახებში უკეთესი მართვის და მოვლის პირობები შევქმნათ და უკეთესი შედეგი დავდოთ, რადგანაც საკუთარი ვენახებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ, რომ საკუთარი ვენახები არ გვქონოდა ამ ხარისხს ვერ მივიღებდით“, - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.
დღეისათვის „თბილღვინოს“ ღვინოები 30-მდე საექსპორტო ბაზარზე სტაბილურად იყიდება და ზურაბ მარგველაშვილის თქმით, გაყიდვების 85%-ი, შეიძლება ცოტა მეტიც არის ექსპორტი, ხოლო 10-15% არის ადგილობრივი გაყიდვები. კომპანია აქტიურადაა ასევე წარმოდგენილი ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც დღეს ბევრი მეწარმე იმედის თვალით უყურებს. ირკვევა, რომ „თბილღვინომ“ ჩინეთის ბაზრისადმი მიდგომა დააკორექტირა და ჩინეთში უკვე საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს.
„ჩინეთის ბაზარზე დიდი ხანია ვართ წარმოდგენილები, გვყავს რამდენიმე პარტნიორი და ვაპირებთ, რომ ჩვენი მიდგომა ამ ბაზარზე შევცვალოთ და უკვე ამ ბაზარზე გვყავს ჩვენი პროფესიონალი წარმომადგენელი, რომელიც იზრუნებს ჩვენს გაყიდვებზე. ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ, რომ გვჭირდებოდა ახალი, განსხვავებული მოქმედების მიღება, იმიტომ, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ იქ გვყოლოდა პროფესიონალი წარმომადგენელი, რომელიც ღვინის გაყიდვების კარგი მცოდნეა და ასეთი ადამიანის მეშვეობით ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი გაყიდვები ჩინეთში გავაფართოოთ“, - აღნიშნავს „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
ღვინის მწარმოებელი კომპანია ამ ეტაპზე არსებული ასორტიმენტის გაფართოებას არ აპირებს.
„პირიქით ჩვენ გვაქვს რამდენიმე სავაჭრო ნიშანი და მათ ოპტიმიზაციას ვაკეთებთ. ისე კი ოქტომბრის დასაწყისში წარვადგინეთ „თბილღვინოს“ ახალი კოლექციის ღვინოები, რომელიც არამარტო ჩვენი ვენახებიდანაა, არამედ ჩვენი ვენახებიდან შერჩეული სპეციფიკური ნაკვეთებიდან. ეს ღვინოები არის მაღალი სეგმენტის ღვინოები, რომელიც არც ისე მცირე რაოდენობით იქნება ნაწარმოები. 1-2 ღვინის გარდა ეს არ იქნება ლიმიტირებული წარმოების. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ღვინოები საშუალო და საშუალოზე მეტი რაოდენობით ვაწარმოოთ, იმ მაღალი ხარისხით იმ განსაკუთრებული ნაკვეთებიდან, რომელიც ჩვენი ვენახებიდანაა შერჩეული“, - აღნიშნავს მარგველაშვილი.
„თბილღვინო“, რომელიც ბაზარზე წლების არსებობს და მისი პროდუქცია საკმაოდ ცნობილი და მოთხოვნადია, ღვინოებს მაღალი სტანდარტების მიხედვით ასხამს, რაშიც მას როგორც ქართველი ისე უცხოელი მეღვინეები ეხმარებიან.
„ჩვენი მახასიათებელი არის ის, რომ მაღალი სტანდარტებით ვახდენთ ვენახების მოვლას და მართვას და შესაბამისად ვიღებთ ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენს, რომლისგანაც ქართველი და უცხოელი მეღვინეების გუნდი აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზომით დიდი მწარმოებელი ვართ, დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ და ეს არის ჩვენი დამახასიათებელი ნიშა“, - ამბობს „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
დღეისათვის „თბილღვინოს“ ღვინოებიდან ყველაზე გაყიდვადი, როგორც ექსპორტზე ისე ადგილობრივ ბაზარზე არის საფერავი.
მიუხედავად იმისა, რომ „თბილღვინოს“ საექსპორტო ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს, კომპანია მიღწეულს არ კმაყოფილდება და ახალ ბაზრების მოძიებას მუდმივ რეჟიმში ახდენს.
„ერთი თვის წინ გადავტვირთეთ პირველი გადატვირთვა სამხრეთ კორეაში, საკმაოდ საინტერესო და გამოცდილ ღვინის კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა. მსგავსი მოლაპარაკებები გაქვს დროდადრო ვიდრე კონკრეტული შედეგი არ დადგება ძნელია ამაზე საუბარი“, - აღნიშნავს ზურაბ მარგველაშვილი.
უახლესი