ახლად ლიცენზირებული ციფრული „ჰეშ ბანკი“ აქტიურ ოპერირებას 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჰეშ ბანკის“ გენერალურმა მენეჯერმა გოგა ჩანადირმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, რეალურად, ბანკი უფრო ადრე დაიწყებს ოპერირებას და შეზღუდულ რეჟიმში გარკვეული რაოდენობის მომხმარებლების მომსახურებას დაიწყებს. თუმცა გეგმის მიხედვით ციფრული ბანკი აქტიურ ოპერირებას 2025 წლის გაზაფხულიდან შეუდგება.
„დასაწყისში „ჰეშ ბანკი“ მომხმარებელს შესთავაზებს ძირითად ბაზისურ ტრანზაქციულ სერვისებს: ისეთებს როგორებიცაა გადარიცხვები, გადახდები, საბანკო საბარათო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, ვალუტის გადაცვლა. ასევე შესაძლებელია გაიშვას საბაზისო ტიპის სამომხმარებლო სესხიც. ეს სერვისები მომხმარებლებს სტაბილურ და საიმედო მომსახურებას შესთავაზებს და საფუძველს ჩაუყრის იმ სამომავლო ინოვაციებს, რომელთა დანერგვაც ამჟამად დადიზაინების ეტაპზეა.
ჩვენ, „ჰეშ ბანკის“ გუნდს გვჯერა, რომ თუნდაც ყველაზე ნაცნობი საბანკო სერვისები შეიძლება უკეთესად იქნეს მომხმარებლებისათვის წარმოდგენილი. ერთ-ერთი მაგალითი არის საქართველოში კარგად ნაცნობი და დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული მულტისავალუტო ანგარიში: ჰეშ ბანკი მომხმარებლებს შესთავაზებს ამ ერთი შეხედვით საბაზისო პროდუქტის სრულად ახალ და შეიძლება ითქვას საქართველოში უპრეცედენტო ფორმას, რომელიც ამ პროდუქტით სარგებლობას უფრო გასაგებს და გამჭვირვალეს გახდის ყველა მომხმარებლისათვის. აბსოლუტურად ყველა საბანკო პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც ქმნის ჰეშ ბანკი ხელახლა გააზრების და მომხმარებლის ინტერესებზე უკეთ მორგების პროცესს გადის. ჩვენი მიზანია შევქმნათ ქვეყანაში ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე გასაგები, ყველაზე სამართლიანი ბანკი - სიყვარულის ბრენდი. ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც მოხდება ჰეშ ბანკის ყველა პროდუქტის და მომსახურების განვითარება. საქართველოს საბანკო სექტორი არის ძალიან განვითარებული, წარმოდგენილი ძლიერი მსხვილი მოთამაშეებით, და ჰეშ ბანკი შეეცდება პირველ რიგში მოიპოვოს თავისი ადგილი მომხმარებელთა გულებში და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებს სათანადო და ღირსეულ წილს საქართველოს საბანკო ბაზარზე. ბანკირებში გავრცელებულია ტერმინი: “share in customer’s wallet” - რაც ქართულზე ითარგმნება როგორც: „მომხმარებლის საფულეში წილის მოპოვება“. ჰეშ ბანკის მიზანი კი არის მომხმარებლის გულებში ადგილის მოპოვება - და მხოლოდ ამის სანაცვლოდ სამართლიანი გასამრჯელოს მიღება. შესაბამისად სიყვარულის ბრენდის შექმნა არის ჰეშ ბანკის მომავალი წარმატების საწინდარი.
ჩვენი მიზანია ყოველდღიური ბანკინგი მომხმარებელთათვის უფრო მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ“,- განუცხადა Business Insider Georgia-ს „ჰეშ ბანკის“ გენერალურმა მენეჯერმა.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის 2024 წლის 20 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით, ციფრულ ბანკს უფლება აქვს რეალურ გარემოში განახორციელოს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.
სს "ჰეშ ბანკის" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.
სს "ჰეშ ბანკი" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან ( 03.11.2023) 10 თვისა და 17 დღის მანძილზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ქონდა.
სს "ჰეშ ბანკისთვის" საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების ცვლილება ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა