ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2034 წლისთვის 70%-მდე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითრების 10 წლიან გეგმაში წერია. ირკვევა რომ 2034 წლისთვის აღნიშნულ მაჩვენებლებში მარეგულირებელი ჰესების წილი ქვეყნის ჯამური სიმძლავრის 42%-ს შეადგენს.
„ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდებში, ელექტროენერგიისა და თბოსადგურებისთვის საჭირო საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2034 წლისთვის იქნება დაახლოებით 15%. გენერაციის და დატვირთვის ზრდის მონაცემების საფუძველზე, შედგენილი იქნა საქართველოს წლიური ენერგიის ბალანსი ყველა განსახილველი სცენარისთვის. ქვემოთ მოცემულია ენერგიის ბალანსი იმ სცენარისთვის, რომელიც ითვალისწინებს გენერაციის ყველა ობიექტის დაგეგმილ დროზე ქსელში ინტეგრირებას და მოხმარების წლიურ 3%-იან ზრდას“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ვებგვერდზეა განთავსებული.
2024 წლის მონაცემებით კი საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2387 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 1023 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტრო სადგურებისა - 1080 მგვტ-მდეა ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 73% მოდის ჰესებზე.
მარეგულირებელი ჰესების წილი შეადგენს დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 51%-ს.
გეგმის თანახმად, 2034 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10336 მგვტ-მდე. აქედან 4314 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 2908 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 1291 მგვტ ქარის სადგურების, 232 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1480 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე.
უახლესი