დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს მოლოდინი, რომ სტატუსს სტუდენტების 60-70% აღიდგენს - კახა შენგელია სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე

გვაქვს მოლოდინი, რომ სტატუსს სტუდენტების 60-70% აღიდგენს - კახა შენგელია სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე

05-01-2024 19:00:00

2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით სტატუს შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას „კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა შენგელია Business Insider Georgia-თან დადებითად აფასებს. 

„ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააკეთა და არ ვიცი ზოგიერთი ჩემი კოლეგა რატომ აფასებს უარყოფითად და რატომ გადააქვთ პოლიტიკურ ჭრილში. ეს არის ნაჩუქარი თანხა, რომელსაც მთავრობა გვაძლევს ფაქტობრივად დაკარგულ აქტივში, რასაც ჩვენ ვერეასდროს ვერ ამოვიღებდით“, - ამბობს შენგელია.

მისი თქმით, კავკასიისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის საკმაოდ ბევრმა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი.

„ნაწილმა ამის გაკეთება ვერ მოასწრო და მიმდინარე წელს, ახალ სემესტრში დაახლოებით სტუდენტების 60-70% აპირებს სტატუსის აღდგენას“, - აცხადებს შენგელია. 

2024 წლის 1-ელი იანვრიდან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი.

ასევე ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით მიღებული სარგებელი.

2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით დაგროვილი ფინანსური დავალიანების, სწავლის საფასურის, ჩამოწერის (განულების) შესახებ ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 15 სექტემბერს დააყენა. 

„ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც ფინანსური დავალიანების გამო აქვს სტატუსი შეწყვეტილი, გაუნულდება დავალიანება. მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიან უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. შემდეგ კი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დააზუსტა, რომ ფინანსური დავალიანება 30 ათასამდე სტუდენტს ჰქონდა.

განათლების მინისტრმა ნოემბერში, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფოტმატი ვიზიტისას განაცხადა რომ ვალების ჩამოწერის პროგრამიდან გამომდინარე, 2023 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 4000-მდე სტუდენტმა მყისიერად აღიდგინა სტატუსი და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2-3 თვეში ყველა უნივერსიტეტს ჩაერიცხება განსაზღვრული თანხა.

საქართველოში ავტორიზებულია 33 - უნივერსიტეტი; 21 - სასწავლო უნივერსიტეტი;
2 - კოლეჯი; 7 - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები