კომპანია „აგროლეინის“ მოცვი საქართველოს სავაჭრო ქსელებში სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გამოჩნდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, წელს აპრილში თბილი ამინდების გამო, ადგილობრივმა ფერმერებმა პირველი მოსავალი 10 დღით ადრე მიიღეს.
„გვაქვს მოლოდინი, რომ კვირის ბოლოს ჩვენს პლანტაციებში მიღებული მოცვის მოსავალი ადგილობრივ სუპერმარკეტებში გამოჩნდება. მოცვის სეზონი პრაქტიკულად უკვე დაიწყო. სათბურებში მიღებული საადრეო ჯიშების მოსავლის მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე უკვე განხორციელდა“, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.
კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს საქართველოს მასშტაბით მოცვის მოსავალი ორჯერ მეტი, დაახლოებით 4 ათას ტონამდე იქნება. ამასთან, ადგილობრივი კომპანიები აქტიურად ცდილობენ ევროკავშირის ბაზარზე მოცვის გატანას.
„ამ შემთხვევაში მთავარია ხარისხი და ფასი, რომელიც ევროპის ბაზარზე არსებულთან კონკურენტული უნდა იყოს“,- ამბობს მეწარმე.
„აგროლეინის“ შემთხვევაში მთავარი სამიზნე ბაზარი პოლონეთია.
„პოლონეთზე ვართ ორიენტირებული, რადგან ეს ქვეყანა მოცვის მსხვილი მწარმოებელია და არის ბევრი საწარმო სადაც შესაძლებელია მოცვის დახარისხება და შეფუთვა. როდესაც ჩვენ გვაქვს მოცვის მოსავალი, ეს საწარმოები იმ პერიოდში არ ფუნქციონირებენ. ასვე პოლონელებს თავისი ბრენდის ქვეშ აქვთ გაყიდვის ხაზები აწყობილი. პრაქტიკულად ჩვენი ნაწარმის მიწოდებით ამ კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას, რომ უფრო ადრე დაიწყონ სეზონი და შესაბამისად გაყიდვები“, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.
კომპანიაში აქვთ მოლოდინი, რომ მოცვის წარმადობა 350 ტონას მიაღწევს, საიდანაც ნაწილს გასაყიდად გალფის ქვეყნებსა და ადგილობრიბ ბაზაზე გამოიტანს.
„5-6 წელია აქტიურად ვმუშაობთ გალფის ქვეყნებთან. ჩვენი სამიზნე ბაზარია საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ომანი, დუბაი, კატარი. თუმცა იქ ბაზარი შეზღუდულია ჩვენი ლოგისტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გასულ წელს 40 ტონა გავიტანეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ექსპორტი 50-60 ტონა იქნება. ფიზიკურად მეტის გადატვირთვა ვერ ხდება თვითმფრინავებით“,- ამბობს მეწარმე.
რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის საადრეო მოცვის ფასი ადგილობრივ ბაზაზე 1კგ-ზე 35-40 ლარია. თუმცა ფასი ბაზარზე მიწოდების ზრდასთან ერთად დაიწევს და ჭარბი მიწოდების პერიოდში სავარაუდოდ 10-12 ლარის ფარგლებში იქნება.
ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
უახლესი