საქართველოში ავოკადოს ერთადერთმა ბაღმა პირველივე ზამთარს ვერ გაუძლო.
Geonuts Company-ს დირექტორი, ფერმერი რეზო ჩიტაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მეურნეობას ექსპერიმენტის სახე აქვს, რომელმაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გაამართლა.
„პირველივე ზამთარი რთული აღმოჩნდა ავოკადოსთვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 2022 წელს უამინდობის გამო ავოკადოს ნარგავების 50% გახმა. გავრისკეთ და საკმაოდ ვიზარალეთ. გვეგონა, ჩვენს პირობებში მოვლას შევძლებდით, ცდა არ დაგვიკლია. ყინვის საწინააღმდეგო ყველა ზომა გავატარეთ, რაც საჭირო იყო, მაქსიმალურად დავიცავით რეკომენდაციები. წელს რა სიტუაცია დაგვხვდება, არ ვიცით, ნერგები შეფუთულია, ერთ კვირაში უნდა გაიხსნას და ვნახავთ. აშკარაა, რომ ავოკადოს საქართველოს კლიმატურ პირობებში გაუჭირდა, " - ამბობს მეწარმე.
რეზო ჩიტაძის თქმით, მიმდინარე წელსაც თუ დაფიქსირდება ნერგების გახმობის პრეცედენტი იძულებული გახდებიან, ალტერნატივაზე იფიქრონ და ავოკადო სხვა მცენარით ჩაანაცვლონ.
ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეგზოტიკური ხილის, ავოკადოს პირველი, საცდელი მეურნეობა 2021 წელს შეიქმნა. ინვესტიცია ქართულმა კომპანიამ Geonuts Company განახორციელა, რისთვისაც 6 ჰექტარზე 3 500 ნერგი დაირგო. ბაღის შენარჩუნების შემთხვევაში, პირველ მოსავალს კომპანია 4 წელიწადში მიიღებს, ხოლო ავოკადოს სრულ მსხმოიარობას 6 წელი დასჭირდება.
რაც შეეხება ფასს, ავოკადოს 1 ნერგი ევროპაში საშუალოდ 13-15 ევრო ღირს. ხოლო ნაყოფის ღირებულება 3-დან 5 ევრომდე მერყეობს. თბილისის სუპერმარკეტების ქსელებში 1 კგ. ავოკადოს ფასი 22-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
უახლესი