დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვნის 80% საექსპორტოა, სამიზნე ბაზრებია ევროპა და აშშ - „ნათენაძის ღვინის მარანი“

ღვნის 80% საექსპორტოა, სამიზნე ბაზრებია ევროპა და აშშ - „ნათენაძის ღვინის მარანი“

14-10-2024 12:00:00

ჩვენი ღვინის 80% საექსპორტოა, ხოლო 20% ჩვენს რესტორანში და თბილისსა და ბათუმში  რამდენიმე ობიექტს ვამარაგებთ, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს „ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელმა გიორგი ნათენაძემ განუცხადა.

„ნათენაძის ღვინის მარანი“ მდებარეობს ახალციხეში, რაბათის ციხის უბანში. მარანი 6-7 ათას ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს.

„გვაქვს სამი სახეობის ღვინო: მესხური თეთრი, მესხური წითელი და თამარის ვაზი. ჩვენ არ ვფლობთ ვენახებს. ყურძენს ვყიდულობთ რეგიონში, იმ ფერმერებისგან ვისაც შესაბამისი ღვინის მისაღებად შესაბამისი ჯიშის ყურძნის ვენახები აქვთ გაშენებული. ეს არის ძირითადად შეუწამლავი, ველური ჯიშის საუკუნის ვაზები. რომლის მოსავალსაც ვარჩევთ და ვაკეთებთ ნატურალურ ღვინოს ქვევრში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნატურალური ღვინო. ვაზი გაზრდილია საკუთარ ფესვზე, არ არის დამყნობილი. ამ ყურძნისგან მიღებული ღვინო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნატურალურად, რადგან ასეთი მოსავლის მიღება პირდაპირ ბუნებისგან ხდება“, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

მისი თქმით, კომპანიისთვის გაყიდვების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის ბაზარი და აშშ.

„ძირითადად ვმუშაობთ ევროპის ბაზარზე. ხშირად ვმონაწილეობთ გამოფენებზე. ჩვენთვის ასევე საინტერესოა ავსტრია და გერმანია ღვინის რეალიზაციისთვის.   

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ გაყიდვა, არამედ, ბევრ ქვეყანაში უნდა მოხდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია“,- აღნიშნავს მეწარმე.

 „ნათენაძის ღვინის მარნის“ ღვინო 12 ქვეყანაში იყიდება. მათ შორის ბრიტანეთში, ნორვეგიაში, სინგაპურსა და ნიდერლანდებში.

„რუსეთის გარდა ჩვენი სამიზნე სხვა ნებისმიერი ქვეყანის ბაზარია. „ნათენაძის მარნის ღვინო“ ნატურალური სასმელების პრემიუმ სეგმენტშია“, - ამბობს გიორგი ნათენაძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები