ღვინის მწარმოებელმა საოჯახო მარანმა „დორემიმ“ DoReMi WINE პირადი ინვესტიციითა და საბანკო სესხით ახალი მარანი ააშენა და წარმოების გაფართოებას გეგმავს.
კომპანია ვენახებს ფლობს კახეთში, ახმეტის რაიონი სოფელი ეჟიოში, რომელიც კახური მწვანეს მიკროზონას წარმოადგენს.
„სწორედ ამ ღვინის სიყვარულით გადავწყვიტეთ წარმოება და ამ ბიზნესში შემოსვლა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი დავითაია Business Insider Georga-სთან.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, „დორემისთვის“ მნიშვნელოვანი ბაზარია იაპონია, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ და უყვართ და კომპანიის გაყიდვები წლიდან-წლამდე მზარდია.
„ამ ქვეყანაში იციან საქართველოს ტრადიციები და ადათ-წესები. ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო იაპონიაში ჩვენი ღვინის მომხმარებლები გაგვეცნო და გვეჩვენებინა, რომ ვინ დგას ღვინისა და ეტიკეტის უკან, ვინ არის მწარმოებელი და მესაკუთრე“, - ამბობს ირაკლი დავითაია.
იაპონიაში „დორემის“ ღვინო კონკრეტულ ღვინის ბუტიკურ მაღაზიებში,რესტორნებსა და ბარებში იყიდება.
„დორემის“ ღვინო ასევე წარმოდგენილია აშშ-ის ბაზარზე, უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში, სადაც გაყიდვები მზარდია. რაც შეეხება ფასს, უცხოეთის ბაზრებზე „დორემის“ ღვინო მაღაზიებში $50-$60 ღირს, ხოლო რესტორნებსა და ბარებში ფასი უფრო მაღალია.
„სურვილი გვაქვს ექსპორტი იტალიაში დავიწყოთ. ამ მიმართულების გასავითარებლად ვგეგმავთ ღვინის ფესტივალზე ჩასვლას“, - ამბობს დავითაია.
საოჯახო მარანი დორემი - 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, 2016 წლიდან ექსპორტს 18 ქვეყანაში ახორციელებს. წლიურად 40 ათას ბოთლამდე ბიო ღვინოს აწარმოებს და აქვს 10 სახეობამდე ღვინო. 5 დასახელების ღვინო აქვს კახეთიდან, 2 ქართლიდან, ხოლო სამი იმერეთიდან.
უახლესი