დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Geosky-ს მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდა განპირობებულია არამხოლოდ მოთხოვნის, არამედ ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტის ზრდითაც - ზურაბ ქარქაშაძე

Geosky-ს მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდა განპირობებულია არამხოლოდ მოთხოვნის, არამედ ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტის ზრდითაც - ზურაბ ქარქაშაძე

05-03-2025 10:00:00

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები იზრდება. როგორც Business Insider Georgia-სთან ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ის კომერციული დეპარტამენტის ოფიცერმა, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, ზურაბ ქარქაშაძემ განაცხადა, 2024 წელს  Geosky-ს მაგალითზე ტვირთბრუნვა 25%-მდე გაიზარდა. 

„ბაზრის და Geosky Airlines-ის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ზრდა იყო საჰაერო სატვირთო ტვირთბრუნვის მიმართულებით. ძირითადად, ჩვენი სეგმენტი მოიცავს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას, რა თქმა უნდა საქართველოს გავლით.  
სატვირთო გადაზიდვების მოთხოვნიდან  გამომდინარე 2024 წელს სატვირთო მოცულობის ზრდამ 25% შეადგინა. 

ავიაკომპანია Geosky-ს მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდა განპირობებულია არამხოლოდ სატვირთო გადაზიდვების მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, არამედ ავიაკომპანიის საჰაერო  ფლოტის ზრდითაც.  Geosky-მ 2024 წელს ფლოტს შემატა ორი ერთეული Boeing 767-300-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდები, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი რეისი შევასრულოთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. 

მიმართულებებს რაც შეეხება, ამ ეტაპისთვის ძირითადი სეგმენტი არის პრაღა, ბუდაპეშტი, ასევე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, ასევე სატვირთო ფრენებს ვასრულებთ ლიეჟის და მილანის მიმართულებითაც. 

Geosky Airlines-ის ტვირთების ძირითადი ნაწილი ბაზარზე ახლად შემოსული ჩინური კომპანია TEMU-ს ტვირთებია, რომელიც როგორც საქართველოში ისე ევროპის მიმართულებით საკმაოდ დიდი მიმართულებით შედის. TEMU-ს ტვირთებზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად ძირითადი დატვირთვა ხდება e-commerce-ს ტვირთების მხრიდან“, - აცხადებს ზურაბ ქარქაშაძე.

Geosky Airlines-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვაზე TEMU-ს მხრიდან მაღალი მოთხოვნაა და ტვირთებს ემსახურება არამხოლოდ Geosky Airlines-ი, არამედ სხვა სატვირთო ავიაკომპანიებიც. 

„რეალურად საჰაერო გადაზიდვების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ მოკლე ვადაში შესაძლებელია ტვირთის ა პუნქტიდან დ პუნქტში გადატანა. დაახლოებით, უხეშად, რომ გითხრათ, დამკვეთმა, დაკვეთიდან ტვირთი შესაძლოა 1 კვირაში მიიღოს. ავიაკომპანია Geosky-ს ჭირდება  2-3 დღე, რომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი ჩავიტანოთ და სხვა ლოგისტიკურმა კომპანიებმა, მიიღონ და შემდეგ მისამართებზე დაიწყონ გაგზავნა, საერთო ჯამში 1 კვირამდე მცირდება გამოწერიდან ტვირთის მიღებამდე პერიოდი. 

რაც შეეხება TEMU-ს, მესმის, რომ საკმაოდ დაბალი ფასები აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა არა მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანია, არამედ ბაზარზე არსებული კარგო კომპანიები, სწორედ აღნიშნული ტვირთების გადაზიდვის პროგრამით არიან დაკავებულნი. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა თავად დამკვეთი კომპანიის  მხრიდან, რომ საჰაერო გზით გადაიტანონ ტვირთები. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზამთრის პერიოდში საკმაოდ რთულდება საზღვაო და სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირება და ამ დროს მოთხოვნა უფრო საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე გადადის“, - აცხადებს Geosky Airlines-ის წარმომადგენელი.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს დანიშნულების ტვირთებს, ზურაბ ქარქაშაძე ამბობს, რომ მოთხოვნა ძირითადად იმპორტის მხრიდანაა და ტვირთი ევროპიდან შემოაქვთ. 

„ჩვენი გამოცდილებით საქართველოს მაგალითზე უფრო აქტიურია იმპორტი ევროპიდან.. ამ მომენტშიც ვასრულებთ რეისებს პრაღიდან და ლიეჟიდან, დაინტერესება არის, საქართველოში იმპორტის მიმართულებით. რაც შეეხება ექსპორტს, ფრენები გვქონდა ჩინეთის მიმართულებით, სადაც საქართველოში წარმოებული ღვინო წავიღეთ, თუმცა ეს არ იყო რეგულარული ფრენები და საუბარი მაქვს ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ჩარტერულ ფრენაზე. იმპორტით კი სხვადასხვა სახის ტვირთი შემოგვაქვს, ესაა ფოსტა თუ გამოწერილი პროდუქცია“, - აცხადებს Geosky Airlines-ის კომერციული დეპარტამენტის ოფიცერი, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.

რაც შეეხება Geosky Airlines-ის ფლოტს, 2025 წელს ფლოტის ზრდის მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები. 

„2024 წელს უკვე განვაახლეთ და გავზარდეთ Geosky-ს საჰაერო ფლოტი. სრულად საჰაერო ხომალდები აქტიურად არიან ჩარტერულ რეგულარულ სატვირთო ფრენებში ჩართულნი,  ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გადაზიდვებზე.  2025 წელს ავიაკომპანიაში,  დამატებით საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ფლოტის ზრდის სამუშაოები “, - აცხადებს ზურაბ ქარქაშაძე.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (20.3 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (43.6 პროცენტით) მოცულობა.

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 440.3 ათას მგზავრს მოემსახურა1 , რაც 23.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 3 711.6 ათასი მგზავრი (24.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 728.7 ათასი მგზავრი (23.5 პროცენტით მეტი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები