დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GeorgianBlue ფართოვდება და ლურჯი მოცვის გარდა ციტრუსის მიმართულების ათვისებასაც განიხილავს

GeorgianBlue ფართოვდება და ლურჯი მოცვის გარდა ციტრუსის მიმართულების ათვისებასაც განიხილავს

21-10-2024 15:00:00

GeorgianBlue წლის ბოლომდე ისევ გაფართოვდება და 2025 წლის სეზონზე ლუჯს მოცვს უკვე 40 ჰექტარზეა გადაშლილი ბაღებიდან აიღებს. როგორც Business Insider Georgia-სთან GeorgianBlue-ს მენეჯერთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ბოკუჩავამ განაცხადა, მიმდინარე წელს კომპანიას ლურჯი მოცვი ფერმერებისგან არ მიუღია და საკუთარი მეურნეობიდან 150 ტონა მოცვი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი კი გასული წლის მონაცემებთან შედარებით 10-15%-იან ზრდას ნიშნავს. 

„ჩვენ ჩვენს პროდუქციას ვაწვდით ერთ კონკრეტულს მიმწოდებელს, რომელიც მის რეალიზაციაზე უკვე თავად ზრუნავს და მუშაობს“, - აცხადებს GeorgianBlue-ს მენეჯერთა საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება ფასებს, ლურჯი მოცვის ფასი შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა და 1 კგ 11-12 ლარად იყიდება. 

GeorgianBlue საქართველოში ლურჯი მოცვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანიის ბაღები დასავლეთ საქართველოში, დაბა ლაითურში, შავი ზღვიდან 10კმ-ში, 35 ჰექტარზეა გაშლილი. კომპანია სულ 326 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის გაშენებაც უახლოეს 5-6 წელიწადშია დაგეგმილი. ირკვევა, რომ წლის ბოლომდე არსებულ 35 ჰა ბაღებს კიდევ 5 ჰა გაშენებული ბაღები დაემატება. 

„აღნიშნულ 5 ჰა ჰექტარ ბაღებში ინვესტიციის მოცულობა 0,5 მლნ ლარამდეა. 5 ჰა ბაღების დამატების შემდეგ GeorgianBlue-ს წარმადობა უკვე მეორე წლიდან ანუ 2026 წლიდან, მხოლოდ ამ ფართიდან დაახლოებით 15%-ით გაიზრდება. ხოლო შემდგომ ზრდა ყოველწლიურად მოხდება. დარჩენილი მიწის ფართოს ათვისების გეგმას რაც შეეხება მოცვისთვის გარკვეული ტერიტორია გვაქვს გამოყოფილი, ხოლო ნაწილზე ციტრუსის მიმართულებას ვსწავლობთ. ანუ გვინდა ციტრუსის გაშენება. საუბარი მაქვს მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის თანამედროვე ჯიშებზე, რაც ბაზარს სჭირდება და მოთხოვნადია“, - განმარტავს გიორგი ბოკუჩავა.

2024-2025 წლებში კომპანია GeorgianBlue მხოლოდ მოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და პარალელურად ციტრუსის მიმართულების შესწავლასაც მოახდენს. თუ კი საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ GeorgianBlue ციტრუსის გაშენებას 2025 წლის ბოლოდან, ან 2026 წლის დასაწყისში მოახდენს.

რაც შეეხება კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ეს სათბურების მოწყობაა რაშიც GeorgianBlue-ს ფინანსები და გარკვეული ტექნოლოგიები აფერხებს. 

„ლურჯი მოცვის სათბურები გვჭირდება, რათა იმ პერიოდში შევძლოთ მისი მოყვანა, როდესაც კონკურენტული ფასებია.

კონკრეტულად ჩვენი შემთხვევა არის ასეთი - ცოტა ქარიანი ადგილია და უნდა შეირჩეს ისეთი სათბური, რომ ქარმა მისი დაზიანება ვერ შეძლოს. კაპიტალური ხარჯი იმდენია სათბურის მშენებლობის შემთხვევაში, რომ ძალიან ცუდია თუ შემდგომ მას ქარი დააზიანებს. სათბურის მშენებლობა საკმაოდ ძვირი ღირს“,- აცხადებს GeorgianBlue-ს მენეჯერთა საბჭოს თავმჯდომარე.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები