დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა

12-07-2024 13:05:00

„დაცული ტერიტორიების განვითარება ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც გვაქვს თვალსაჩინო პროგრესი. ყოველწლიურად ვაარსებთ ახალ დაცულ ტერიტორიებს; ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა. დღეს უკვე 100 დაცული ტერიტორია გვაქვს, რომლის ფართობი 900 000 ჰა-ზე მეტია. წელს გურიაში დაარსდა ახალი ეროვნული პარკი, აქტიურად ვმუშაობთ რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნაზე. აღნიშნული, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ამავდროულად, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი ეკოტურისტული მიმართულებით და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სწორად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. ბოლო წლების განმავლობაში, 200 მილიონ ლარზე მეტია ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირებული, როგორც კერძო სექტორის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობა; მზარდია შემოსავალი როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსი, ასევე, რაც მთავარია, იმ ადგილობრივი მოსახლეობის, ვინც ამ პროცესშია ჩართული ტურისტული მომსახურების განვითარების კუთხით. ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა თემებისთვის, ჩაერთონ მომსახურების პროცესში, სერვისში, მიიღონ შემოსავალი; ჩვენ არაერთი ასეთი მაგალითი გვაქვს. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება, ვიზრუნოთ მასზე და, ამავდროულად, მოვიზიდოთ მეტი ვიზიტორი, რაც რეგიონში კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა, მინისტრთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული დაცული ტერიტორია, კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მოპოვებული. მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს, ოკაცეს კანიონს, ოკაცეს ჩანჩქერს, თეთრა მღვიმეს და კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ყველა იმ აქტივობას, რომლის განხორციელებაც ეროვნულ პარკში სტუმრობისას არის შესაძლებელი.

მედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ორთვიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში განთავსებულია ბანერები და საინფორმაციო მასალები გზავნილებით „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლო“.  ჩამოსული სტუმრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე, საზღვარზე იღებენ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური ბუნების და ქართული ღვინის შესახებ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები