მიმდინარე წლის აპრილში ინფლაცია როგორც წლიურ ჭრილში, ასევე წინა თვესთან შედარებით შემცირდა.
ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა Business Insider Georgia- თან საუბრობს რამდენიმე ფაქტორზე, რომელმაც ინფლაციის მაჩვენებლებზე გავლენა მოახდინა.
კერძოდ, პირველი, რაზეც ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს, იმპორტირებული პროდუქტების ფასია, რაზეც თავის მხრივ ლარის კურსი მოქმედებს. მეორე და მესამე ფაქტორია ნავთობპროდუქტებსა და სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლება. მეოთხე ფაქტორი ჯანდაცვის რეგულაციებს უკავშირდება და ამ მიმართულებით ფასების კლებით არის განპირობებული, რასაც დაემატა რითეილ სექტორში ძირითად პროდუქტებზე ფასების კლება.
ამ მხრივ გადამწყვეტი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, თუმცა, პაპავას თქმით, ეს ეფექტი უფრო მოკლევადიანია.
„ერთი მხრივ, ლარის კურსი განაგრძობს გამყარებას, რის გამოც იმპორტული პროდუქტის ფასი ნაკლებად იზრდება. ინფლაციის კლების გამომწვევი ერთ-ერთი გარემოება გახლავთ ნავთობპროდუქტებზე ფასების კლება საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ბუნებრივია, საქართველოშიც აისახება.
მესამე - სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლების ტემპი აპრილშიც გაგრძელდა. როგორც ვიცით, გლობალურ ბაზრებზე ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები იკლებს. ამას დაემატა ისიც, რომ გასული წლის აპრილში ფიქსირდებოდა მაღალი ინფლაცია.
კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ახლო პერიოდში, როცა მსოფლიოში გარკვეული პროდუქტების დეფიციტი შეიქმნა, მათ შორის, ფასები გაიზარდა სხვადასხვა ჯგუფზე და აქედან გამოწვეული წნეხი ფასების მატების კუთხით ქართულ ბაზარზეც იგრძნობოდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორში მთავრობამ დაიწყო გარკვეული რეგულაციები, რამაც გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სექტორში ფასების კლებაზე. ამდენად, აღსანიშნავია ჯანდაცვა და ტრანსპორტი, სადაც ასევე ფასების შემცირება შეიმჩნევა", - აცხადებს გიორგი პაპავა.
ეკონომისტის ვარაუდით, ინფლაციის კლების ტემპი სამომავლოდ შესაძლოა, შენელდეს და ტენდენცია გრძელვადიან პერიოდში ვერ შენარჩუნდეს.
„როდესაც ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, გარკვეული მოკლევადიანი ეფექტი შეიძლება ჰქონოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, როდესაც რითეილ სექტორსა და ფასებზე განაცხადა.
ამან შესაძლოა, იმოქმედა სხვადასხვა საცალო ქსელში არსებულ ფასებზე, თუმცა მოკლევადიანი ეფექტი მგონია. ზოგადად, ინფლაციის კლება მოსალოდნელი იყო, თუმცა უფრო 2023 წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობდნენ.
რაც შეეხება საკითხს, გაგრძელდება კლების ტენდენცია, რთულია პროგნოზი, რადგან გარკვეული რისკები არსებობს. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ლარის კურსიც, რომელიც მიმდინარე პერიოდში ზედმეტადაც არის გამყარებული. ცხადია, ფასების კლების ტენდენციასაც აქვს გარკვეული ზღვარი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.
ამასთან, კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა ადგილობრივი პროდუქტების ფასი, რასაც ჯერ კიდევ აქვს შემცირების შესაძლებლობა.
ბოლო ფაქტორი, რაც უნდა აღვნიშნო, ეკონომიკური ზრდის ეფექტია, ჯამში, შარშან მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო. ცხადია, 2023 წელს ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებლები არ იქნება და ესეც გარკვეულწილად შეამცირებს წნეხს ინფლაციაზე", - განმარტავს გიორგი პაპავა.
ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა