საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
31 მაისს, ვილი სანიოლის გუნდმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა: საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე.
მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "ვემზადებით ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება საკლუბო მატჩების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოციები აქვს. უფრო მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია.
ჩემი აზრით, ავსტრიაში კარგი მოსამზადებელი შეკრება გამოგვივა და შესაბამისი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით. შედეგი გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.
ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი